20/12/2021
13:36
საზოგადოება
როგორც გოგი სალაყაიამ გადაცემა „ვაკას ფოკუსში“ განაცხადა, მარინე ცერცვაძემ გადაწყვეტილება არარსებული დოკუმენტის ქსერო-ასლის საფუძველზე მიიღო.
„უცებ, ცარიელ ცაზე, თელავის სასამართლოში შედის, რაღაც გაუგონარი სარჩელი, აბსოლუტურად დახურულ თემაზე, კონკრეტული ადამიანი ითხოვს ძალიან დიდ თანხას, 5 მილიონ დოლარს. საფუძველი ძალიან სასაცილოა, მოაქვთ რაღაც ქსეროასლი დოკუმენტის, აბსოლუტურად გაყალბებული. სასამართლოზე დაისვა შეკითხვა, სად არის ორიგინალი?! მხარე ადასტურებს, რომ ორიგინალი არ არსებობს, მაგრამ მოსამართლე მარინე ცერცვაძე „შინაგანი რწმენით“, იღებს გადაწყვეტილებას და ჩვენს კომპანიას აკისრებს 5 მილიონ დოლარს.“- ამბობს გიორგი სალაყაია.
აღსანიშნავია, რომ ცერცვაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ გააუქმა, თუმცა მოულოდნელად, სარჩელი კვლავ თელავის სასამართლოს დაუბრუნდა.
გოგი სალაყაიას თქმით, მარინე ცერცვაძე „ნაცმოძრაობის“ გულანთებული სახეა, რომელიც ამ თანამდებობაზე მაშინდელი იუსტიციის მდივნის, პავლე კუბლაშვილის დროს დაინიშნა.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, დავინტერესდით, იმდენად შოკისმომგვრელი იყო ამ ქალბატონის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, პირდაპირ გეტყვით, ადვოკატიც კი არ გვყოლია ამ პროცესზე, იმდენად აბსურდზე იყო ლაპარაკი. ვფიქრობდით, რომ ალბათ, დროს გვიჭიანურებდნენ, მაგრამ უკვე გადაწყვეტილების შემდეგ, დავინტერესდით. ეს ქალბატონი, მარინე ცერცვაძე, არის ნაცმოძრაობის გულანთებული სახე, რომელიც პავლე კუბლაშვილის იუსტიციის მდივნობის დროსაა დანიშნული ამ თანამდებობაზე, თელავის სასამართლოს თავმჯდომარეა. მისი და კიდევ ერთი მოსამართლის შესახებ სიუჟეტიც კი მოამზადა ტელეკომპანა „პოსტივიმ“ და იქ მოყვანილი ფაქტები, არის აბსოლუტური რეალობა. მათი გადაწყვეტილებები არის საოცრებები... მეტსაც გეტყვით, ნაციონალურ მოძრაობაზე დადებითად განწყობილ ადამიანს, იქ, პროცესი არ წაუგია„ - განაცხადა გოგი სალაყაიამ გადაცემაში „ვაკას ფოკუსი“
გოგი სალაყაიას თქმით, მოსარჩელე მხარე, სადღაც ობშორში რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის შესახებ ცნობილი არაფერია და მისი, არც მისამართი არსებობს.
„ეს არის კომპანია, რომელიც არის მოგონილი, რომელიც ქმნის მოგონილ ვალდებულებებს, რომლის არც მისამართი არსებობს, არაფერი არ არსებობს ამ კომპანიისგან. ლოგიკურად, ერთ მხარეს დგას მოქმედი კომპანია, 600 თანამშრომლით, ქართული ღვინო, უამრავი ბენეფიტებით და მეორე მხრივ, გამოგონილი კომპანია, რომელმაც 5 მილიონი უნდა გამოსტაცოს ბადაგონს და უნდა წავიდეს გაურკვეველი მიმართულებით, სადღაც.“ - განაცხადა გოგი სალაყაიამ გადაცემაში „ვაკას ფოკუსი“
„ბადაგონის“ დამფუძნებელი გადაცემაში იხსენებს კომპანიის წინააღმდეგ 2017 წელს აღძრულ საქმესაც, რა დროსაც, კომპანიის ოფისში ფინანსური პოლიცია შევარდა და ჩხრეკა ჩაატარა. გოგი სალაყაია ამბობს, რომ მაშინაც და დღესაც, ბადაგონის წინააღმდეგ, ერთი და იგივე ჯგუფი მოქმედებს.
„ეს იყო აბსოლუტურად წარმოუდგენელი, როდესაც მოწმენდილ ცაზე, ჩვეულებრივ, ხალხი მუშაობს ოფისში. თავისუფლების მოედანზე, ქალაქის ცენტრში, შემოვარდა 20 -ამდე პირი, ხელები ააწევინეს ყველა თანამშრომელს იმ მიზეზით, რომ კომპიუტერთან შეხება არ ჰქონოდათ, კანონმდებლობითაც ვერ ვნახეთ იმის ახსნა, ხელები რატომ უნდა ასწიოს ადამიანმა. შემოვარდნენ პირდაპირი, აგრესიული ტონებით, ყველა ფეხზე დააყენეს, ჩამოართვეს ტელეფონები. უკვე ვუახლოვდებოდი ოფისს და მოასწრეს, შევდივარ, ვხედავ ასეთ მდგომარეობას, რაღაც ჯალათური გამომეტყველების თანამშრომელები, ბევრი უკვე იქ აღარ მუშაობს.. ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება რაც მივიღეთ, ერთი ოთახი ჩავკეტეთ და გამოვაცხადეთ ბრიფინგი. ეს იყო ერთადერთი, რაც იმ დროს მოვიფიქრეთ, რადგან გაუგონარი რამ ხდებოდა, მიზეზს არავინ გვეუბნებოდა, სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ გვაჩვენებდნენ, ეს იყო პირდაპირ, ნაცმოძრაობის მეთოდით. გავაკეთეთ განცხადება, მივმართეთ პრემიერ- მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს, რომ ხდება რაღაც გაუგონარი ამბავი და საღამოს ვიგებთ, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, 15 წლიანი მუხლით, პირადად ჩემზე, სხვისი ქონების ძალადობით მიტაცებაზე“.
შეკითხვაზე, თუ ვინ იდგა ამ აქციის უკან, გოგი სალაყაია პასუხობს, რომ ამ იდეის ავტორი და განმხორციელებელი იყო დავით ბეჟუაშვილი.
„ეს იყო დავით ბეჟუაშვილი, რომელსაც წლების განმავლობაში, სხვადასხვა მიზნით, აინტერესებდა ბადაგონის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები და მას, იურიდიულ მხარდაჭერას უწევდა და ახორციელებდა ყოფილი იუსტიციის მდივანი, ახლა, რაღაც კერძო კომპანიის მფლობელი, პალიკო კუბლაშვილი. ეს იყო ხელმძღვანელი ამ ჯგუფის ოპერაციების. მოგეხსენებათ, ბეჟუაშვილი ცნობილია თავისი კონტაქტებით, ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში“ - ამბობს, გოგი სალაყაია.
მისი თქმით, ბადაგონის წინააღმდეგ 2017 წელს განხორციელებული შეტევა, ბიძინა ივანიშვილის პრემიერ - მინისტრის პოსტზე დაბრუნების შემდეგ გადაწყდა.
„ამ დროს დაემთხვა ზუსტად, ბიძინა ივანიშვილის მობრუნება და პროცესი გადაიჭრა, თუმცა, ამ საქმეში საუკეთესოდ იმუშავა ადვოკატის ინსტიტუტმა, საუკეთესოდ იმუშავა პროკურატურის იმ ნაწილმა, რომელიც ამ საქმეს იძიებდა და საშინლად იმუშავა ორგანომ, საიდანაც დაიწყო ეს ყველაფერი, ფინანსურმა პოლიციამ. რადგან დავალება ალბათ, კონკრეტულ ადამიანზე იყო. ძალიან მნიშვნელოვანი იყო მედიის აქტიურობა ამ ყველაფერში, რომლის გარეშეც, რეალურად, ყველა პრობლემის გამოტანის გარეშე, მე დღეს ბიზნესი არ წარმომიდგენია“- ამბობს გოგი სალაყაია გადაცემაში „ვაკას ფოკუსი“.
0
0