25/12/2024
22:41
პოლიტიკა
ჩვენ ვისაუბრეთ საბჭოზე, რომელიც პოლიტიკოსებისგან იქნება დაკომპლექტებული და ასევე, პრეზიდენტი სავარაუდოდ, შექმნის საზოგადოებრივ საბჭოს, ეს საბჭო იქნება გადაწყვეტილებების მიღების ავანგარდში , - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ პრეზიდენტისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.
ნიკა გვარამიას განცხადებით, დღეს გარკვეული წარმოდგენები საბჭოზე და სადამფუძნებლო დოკუმენტზე უკვე შეიქმნა.
„29 დეკემბრამდე ჩვენ სავარაუდოდ, გვექნება გარკვეული შეთანხმებები იმასთან დაკავშირებით, რას ვგულისხმობთ დემოკრატიულ არჩევნებში და რა არის ის პირობები, რომელიც არცერთ შემთხვევაში არ გადაიხედება. არჩევნების შედეგები უნდა იყოს ლეგიტიმური და არა რაღაც ხაფანგი, გადმოგდებული ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომელშიც ჩვენ გავებმებით, ეს ვერ მოხდება და ამაზე ლიდერობას საქართველოს პრეზიდენტი თავის თავზე აიღებს.
ჩვენ ვისაუბრეთ საბჭოზე, რომელიც პოლიტიკოსებისგან იქნება დაკომპლექტებული და ასევე, პრეზიდენტი სავარაუდოდ შექმნის საზოგადოებრივ საბჭოს, მაგრამ ეს ამ წუთში ჩვენი განსახილველი არ არის, სრულად მისი საქმეა. ეს საბჭო იქნება ავანგარდში გადაწყვეტილებების მიღების. თავისთავად ცხადია, რომ ჩვენ ამაზე მუშაობა ისედაც დაწყებული გვქონდა აქამდე, ისევე როგორც პრეზიდენტს და ამასთან დაკავშირებით შეთანხმებები შედგება. გარკვეული წარმოდგენები საბჭოზე და სადამფუძნებლო დოკუმენტზე უკვე შეიქმნა დღეს“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
რაც შეეხება ანა დოლიძის განცხადებას, რომ „მზად ვართ, 29 დეკემბრის შემდეგაც დავრჩეთ ორბელიანების სასახლეში და გამოვაცხადოთ ერთადერთ ადგილად, სადაც საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი იქნება“, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ სრულად ეთანხმება ანა დოლიძის განცხადებას.
„ძალიან მასშტაბური იქნება მხარდაჭერა პრეზიდენტის მიმართ, ამაში ვარ სრულიად დარწმუნებული. მისი გადასაწყვეტია როგორ წავა ეს ყველაფერი, მე პირადად მხარს ვუჭერ ყველაფერ იმას, რაც ანა დოლიძემ თქვა“, - განაცხადა გვარამიამ.
კითხვაზე, საუბარია 29 დეკემბერს ორბელიანების სასახლეში მხოლოდ პოლიტიკოსების ყოფნაზე, თუ სხვა სფეროს წარმომადგენლებსაც უნდა ველოდოთ, ნიკა გვარამია პასუხობს: „ამ წუთში პოლიტიკურმა პარტიებმა მივიღეთ წინადადება, მაგრამ ჩვენთვის ცნობილია,რომ ყველა სფეროს წარმომდგენელი იქნება მოწვეული“.
0
0