25/10/2023
21:53
სპორტი
81 წლის ასაკში მევლუდ მიმინოშვილი გარდაიცვალა – ქართული ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეული არბიტრი, რომელსაც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ქართველთა შორის, ყველაზე მეტი თამაში განუსჯია.
მევლუდ მიმინოშვილი 1942 წლის 13 თებერვალს აბაშის რაიონის სოფელ სუჯუნაში დაიბადა. საერთაშორისო კატეგორიის არბიტრმა იმსაჯა ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების შესარჩევი მატჩები, ევროთასების მრავალი შეხვედრა.
სსრკ-ის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში იმსაჯა 99 მატჩი (1979-88), საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში – 9 (1990). ასევე იყო სსრკ-ის VIII სპარტაკიადის (1983) ფინალის არბიტრი. ექვსჯერ დაასახელეს საბჭოთა კავშირის მსაჯთა საუკეთესო ათეულში.
კარიერის განმავლობაში მევლუდ მიმინოშვილს განუსჯია მატჩები ფრანც ბეკენბაუერის, მიშელ პლატინის, ემილიო ბუტრაგენიოს, კევინ კიგანის, ჰორსტ ჰრუბეშის, კარლ-ჰაინც რუმენიგეს, ჯუზეპე ბერგომისა და სხვა ლეგენდარულ ფეხბურთელების მონაწილეობით.
მევლუდ მიმინოშვილმა იმსაჯა დამოუკიდებელი საქართველოს ჩემპიონატის პირველი მატჩი თბილისის „იბერიასა“ და ფოთის „კოლხეთს“ შორის. ასევე, საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრა ლიეტუვის ნაკრების წინააღმდეგ.
სამსაჯო კარიერის შემდეგაც ქართულ ფეხბურთს ემსახურებოდა. აბაშის რაიონის სოფელ სუჯუნაში საფეხბურთო სტადიონი მოაწყო, რაიონის ცენტრალურ სტადიონი კი მისი სახელობისაა.
2015 წლის 22 იანვარს მევლუდ მიმინოშვილს „სპორტის რაინდის“ ტიტული მიენიჭა.
0
0