22/12/2022
18:57
სამართალი
“2012 წლამდე 1-2 ეპიზოდი იყო, მაგრამ 2012 წლიდან არანაირი ზარი, პირდაპირი ან ირიბი, გაკვრითი მითითება ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან ექსპერტიზასთან დაკავშირებით არ ყოფილა” , - ამის შესახებ სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის წარმომადგენელმა, ალექსანდრე გეჯაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, რითაც ის გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ გეჯაძემ „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე მან „ის დასკვნა დადო, რომელიც შსს-ს აწყობდა“.
როგორც გეჯაძემ განაცხადა, ძალოვან სტრუქტურასთან და ექსპერტიზასთან მიმართებით მხოლოდ მაშინ აქვს კომუნიკაცია, როდესაც საქმე მათ მიერ დანიშნულ ექსპერტიზას ეხება.
დამოუკიდებელი ექსპერტის განმარტებით, ის გაკვირვებული და გაოგნებულია ხაჭაპურიძის სიტყვებით, რადგან დამოუკიდებელი სტრუქტურის პირობებში მასთან მუშაობის წლები აკავშირებს.
ამასთან, გეჯაძე აცხადებს, რომ შალვა ხაჭაპურიძის განცხადება მის სტრტეგიას უკავშირდებოდა, თუმცა მორალურად რა გზა აირჩია, ეს კითხვის ნიშანებს იწვევს.
"2012 წლამდე იყო 1-2 ეპიზოდი, თუმცა ამას თავი დავანებოთ, მაგრამ 2012 წლიდან არანაირი ზარი, მითითება, არანაირი პირდაპირი ან ირიბი რაღაც გაკვრითი მითითება ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან ექსპერტიზასთან დაკავშირებით არ ყოფილა.
შალვას მთავარი მიზანი სტრატეგიულად იყო ის, რომ ექსპერტიზა აღარ დანიშნულიყო - არც სამხარაულის, არც ჩვენი სტრუქტურის და არც კიდევ ერთი დამოუკიდებელი საექსპერტო სტრუქტურის. ეს შალვას აწყობდა, რადგან პროცესი კიდევ ერთხელ გაჭიანურდებოდა და შალვა თავისი სტრატეგიით მიაღწია თავის საწადელს და მოსამართლეს დაუმტკიცა, რომ ახლა აზრი არ აქვს ექსპერტიზის ჩატარებას. ეს თავისი სტრატეგია და მიზანი როგორ განახორციელა მორალურად, გარკვეულ კითხვის ნიშნებს იწვევს. ალბათ, შალვა დამიკავშირდება და შეიძლება მითხრას - „ალეკო, სხვა გზა არ მქონდა და ჩემს სტრატეგიას ასე სჭირდებოდა“. შეიძლება მან მომიბოდიშოს და ასე რომც გველაპარაკა და მე ჩამეწერა, არ გეწყინოსო.
რბილად რომ ვთქვა, გაკვირვებული და გაოგნებული ვარ, რადგან ბატონ შალვასთან წლები მაკავშირებს დამოუკიდებელი სტრუქტურის არსებობის პირობებში. რამ აიძულა ბატონი შალვა, რომ ამ კონტექსტში მოეხსენიებინა ჩემი პერსონა, რომ თურმე მე ძალოვანი სტრუქტურების შეკვეთებზე ვმუშაობ, თურმე მე, ალექსანდრე გეჯაძე პირნათლად ვასრულებ იმას, რასაც ძალოვანი სტრუქტურები მიმითითებენ და ა.შ“, - აცხადებს გეჯაძე.
0
0