10/01/2024
23:11
მედიცინა
განგაშის საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს, მაგრამ საყურადღებოა , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ძირითადად სამი ვირუსი ცირკულირებს: კორონავირუსი, გრიპის ვირუსი, საყურადღებოა რესპირაციულ-სინციტიალური ვირუსი.
„ზამთარირესპირატორული ინფექციების სეზონია. ამ დროს სხვადასხვა პერიოდულობით იმატებს სხვადასხვა ტიპის რესპირატორული ინფექციები, მაგრამ მათ შორის განსაკუთრებით საყურადღებოა გრიპის ვირუსი. ასევე, ბოლო სამი წელიწადია, პანდემიის დროს და მის შემდეგ, საყურადღებოა კორონავირუსი. ასევე, ძალიან საყურადღებოა რესპირაციულ-სინციტიალური ვირუსი. ამ სამის გარდა, ადენოვირუსი, რინოვირუსიც, რომლებიც ყოველთვის ცირკულირებენ. მოგეხსენებათ, ბოლო სამი თუ ოთხი წლის განმავლობაში განსაკუთრებით საყურადღებო იყო კორონავირუსული ინფექცია, რომელმაც დიდი პანდემია გამოიწვია, რაც ბოლო ას წელიწადში არ ყოფილა და სამწუხაროდ, ძალიან დიდი ავადობით და მსხვერპლით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში გავრცელების თვალსაზრისით პირველ ადგილზე გრიპის ვირუსია.
„გრიპის ვირუსი უფრო მეტს აავადებს ყველგან, მათ შორის ჩვენთანაც. შემდეგ თავისი გავრცელებით მოდის რესპირატორულ-სენციტიალური ვირუსი, შემდეგ უკვე კორონავირუსი.
უჩვეულო არაფერი არ ხდება. მსგავსი ვითარება ზამთარში ყოველთვის გვქონდა ხოლმე ჩვენ სხვადასხვა ვირუსის პრევალირებით. წინა სამი წლის განმავლობაში კორონავირუსი ჩაგრავდა გრიპის ვირუსს, ის უფრო არ ჩანდა ხოლმე. აქტიურად ვიყენებდით პირბადეს და ნაკლები იყო გრიპის ვირუსის გამოვლინება. დღეს წინა „პლანზეა“ უფრო გრიპის ვირუსი, ძირითადად A ტიპის და ე.წ. H1N1, რომელიც ხალხი ღორის გრიპის ვირუსადაა ცნობილი. ამ ვირუსებისთვის მოწყვლადია ბავშვის ასაკი და ასევე ხანდაზმულები 60 წლის ზემოთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
0
0