24/10/2024
12:37
საზოგადოება
ჩილეში გამოყენებაში ჩაუშვეს ვაქცინა, რომლის მიღების შემდეგაც, ძაღლები ერთი წლის განმავლობაში სტერილურები არიან; ეს ამ სახის პირველი ვაქცინაა და მალე სხვა ქვეყნებშიც გახდება ხელმისაწვდომი.
ვაქცინა ხელს უშლის სქესობრივ ქცევას და გამრავლებას და შესაბამისად, წარმოადგენს ქირურგიული კასტრაციის ალტერნატივას.
„ის მთელ მსოფლიოში პირველი ამ ტიპის ვაქცინაა ძაღლებისთვის“, – ამბობს ჩილეს უნივერსიტეტის ვეტერინარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მკვლევარი ლეონარდო საენსი.
საენსი და მისი ჯგუფი ამ ვაქცინის შექმნაზე 2009 წლიდან მუშაობდა. ჩილეში მისი გამოყენება ამ თვეში დაიწყო.
ვაქცინა წარმოქმნის ანტისხეულებს და ერთი წლის განმავლობაში აჩერებს სასქესო ჰორმონების გამომუშავებას როგორც ხვად, ისე ძუ ძაღლებში.
„ყველაფერი დაბლოკილია — სქესობრივი აქტივობაც და ნაყოფიერებაც“, — ამბობს საენსი.
ვაქცინას Egalitte უწოდეს და უკვე დააპატენტეს 40 ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, არგენტინაში, ბრაზილიასა და ევროკავშირში.
ჩილეში ერთი დოზის ფასი 50 დოლარია.
27 წლის სტუდენტმა ივან გუტიერესმა თავისი ძაღლი ფრანჩესკო უკვე მიიყვანა ვეტერინარულ კლინიკაში და ვაქცინა გაუკეთა.
„ნამდვილად არ მინდოდა მისთვის ოპერაციის გაკეთება“, — ამბობს იგი.
ქირურგიული კასტრაცია ძაღლის ბევრ მფლობელს მართლაც აშინებს და ამის გამო, ამ ნაბიჯისგან თავს იკავებენ.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.
0
0
ქარი, წვიმა, მთაში მოთოვს - ამინდი უარესდება
15/11/2024