29/07/2024
00:12
სპორტი
გამომიცდია მარცხი და ყოველთვის ვგრძნობ, რომ ღმერთი უკეთესისთვის მამზადებს, – ამის შესახებ ქართველმა ძიუდოისტმა, პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის მონაწილე გიორგი სარდალაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისივე თქმით, მომდევნო ოლიმპიური თამაშებისთვის მოსამზადებლად წინ ოთხი წელია და მეტის სურვილი აქვს.
„რთულია, სიტყვებს მოუყარო თავი, მაგრამ თქვენ იმხელა სითბო მაგრძნობინეთ, ჩემო ქართველებო, რომ აუცილებლად უნდა დავწერო. ძალიან მიყვარხართ, მადლობა ყველას! სამწუხაროდ, ჩემი ბავშვობის ნანატრი ოქროს მედალი პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ვერ მოვიპოვე. იყო ბევრი დაბრკოლება, მაგრამ არ დავიწყებ ამ ყველაფრის წერას, ეს ხომ ცხოვრებაა და მე არ გავურბივარ სირთულეს.
აქამდე არ მესმოდა, როცა ამბობდნენ, გამოცდილებით აჯობაო და ახლა უკვე ვიცი, რას ნიშნავს ეს ყველაფერი. მარცხის შემდეგ მე და მწვრთნელები ათმაგად მოტივირებულები ვართ. ჩემი სურვილიც ათმაგად მეტია და წინ ოთხი წელი მაქვს მოსამზადებლად. 2020 წელს, როცა ნაკრებში მოვხვდი, იქიდან დღემდე ალბათ სახლში, ჯამში, 20-ჯერ ვიქნები ნამყოფი. სულ შეკრებებზე ვიყავით. მე, ლექსო მასწავლებელი და დავით ქევხიშვილი.
ამით კი იმის თქმა მინდა, რომ ამ სპორტს ყოველდღიურად ვაძლევ 100%-ს. ამიტომ ეს ისე არ ჩაივლის, ჩემი სურვილების 100% არ დავიკმაყოფილო. ყველაფერი კარგად იქნება! გამომიცდია მარცხი და ყოველთვის ვგრძნობ, რომ ღმერთი უკეთესისთვის მამზადებს! დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩემს მომზადებაში წვლილი შეიტანა, სიტყვები ზედმეტია, უბრალოდ, ბრავო“, – დაწერა სარდალაშვილმა.
პარიზის ოლიმპიადაზე გიორგი სარდალაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა და ესპანელ ფრანსისკო გარიგოსთან დამარცხდა.
0
0