14/02/2023
16:15
კულტურა
საქართველოს ეროვნული გალერეა გამოფენა "ავტოპორტრეტი სარკესთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ მხატვარ სანდრო სულაბერიძის სოლიდარობის ნიშნად პროექტში მონაწილე 8 მხატვარმა მოისურვა ნამუშევრების გატანა. შესაბამისად, გამოფენა 12 მარტის ნაცვლად 20 თებერვალს დასრულდება.
"მხატვარ სანდრო სულაბერიძის მიერ საგამოფენო დარბაზში კედლის დაზიანებისა და თავისი ნახატის ჩამოხსნისა და შეუთანხმებლად გატანის ფაქტის შემდეგ, სოლიდარობის მიზნით, რვა მხატვარმა ასევე მოისურვა ექსპოზიციიდან თავიანთი ნამუშევრების ამოღება, რაც, კულტურის ცენტრ ATINATI’S-სა და ეროვნულ გალერეას შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების თანახმად, შეუძლებელია.
მიუხედავად ამისა, და მხატვრებისთვის გამოსავლის შეთავაზების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა მიიღო გადაწყვეტილება, გამოფენა „ავტოპორტრეტი სარკესთან“ დასრულდეს 20 თებერვალს, 12 მარტის ნაცვლად, და გაიხსნას სხვა, მომდევნო გამოფენა.
გვსურს, დისკომფორტისთვის ბოდიში მოვუხადოთ როგორც გამოფენის სხვა მონაწილეებს, ვისაც არ გამოუთქვამთ ნამუშევრის გატანის სურვილი, ისე - დამთვალიერებელს. ამავე დროს, მადლობას ვუხდით კულტურის ცენტრ ATINATI’S-ს საუკეთესო თანამშრომლობისათვის", - წერია განცხადებაში.
განცხადებაში წერია, რომ ეროვნულმა გალერეამ ზოგიერთ ნაკლებად ცნობილ მხატვარს პირველად მისცა შესაძლებლობა, წარმოეჩინა თავისი ხელოვნება. მუზეუმის მტკიცებით, "სწორედ მხატვრების მიმართ სახელმწიფოს ასეთი მხარდაჭერა ემსახურება ხელოვნების თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას. დასანანია, რომ ზოგიერთმა მხატვარმა ეს შესაძლებლობა პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენა", წერია განცხადებაში.
0
0