23/08/2023
20:34
კულტურა
კულტურის სამინისტრო გამოჩენილ პოეტსა და მთარგმნელს, გივი შაჰნაზარს, 90 წლის იუბილეს ულოცავს.
"დღეს ერთ-ერთი გამორჩეული პოეტისა და მთარგმნელის, საქართველოს მწერალთა კავშირისა და სომხეთის რესპუბლიკის მწერალთა კავშირის საპატიო წევრის, საქართველოს ღირსების ორდენის კავალერის, საგურამოსა და მაჩაბლის პრემიების ლაურეატის, თბილისის საპატიო მოქალაქის, სომხეთის მოვსეს ხორენაცის ორდენოსნის, გივი შაჰნაზარის, იუბილეა.
გივი შაჰნაზარის სახელი ყველა წიგნიერმა ქართველმა იცის. ის არის პოეტი, მთარგმნელი, ლიტერატორი, მწიგნობარი, რომლის ადამიანურ მაგალითებსა და შემოქმედებაზე არაერთი თაობა აღიზარდა.
ბატონმა გივიმ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 60 წელზე მეტია, იგი სომხური, რუსული, ოსური და აფხაზური პოეზიის მთარგმნელია. პირველი თარგმანები 1952 წელს გამოაქვეყნა. გივი შაჰნაზარის თარგმანებს შორის აღსანიშნავია: საიათნოვას „ლექსები“ (1972), პ. სევაკის კრებული „იქმენინ ნათელი“ (1978), კ. ვოიტილას დრამა „ოქრომჭედლის სახელოსნოს წინ“ (2000). მან ქართულ ენაზე ააჟღერა სომეხი პოეტების - გ. ნარეკაცის, ა. ისააკიანის, ე. ჩარენცის, ვ. ტერიანის, ჰ. შირაზის, ს. კაპუტიკიანის, ა. საჰიანის ნაწარმოებები; მასვე ეკუთვნის ა. პაპაიანის, პ. ზეთუნციანის, ჟ. არუთინიანის პიესების თარგმანები.
გივი შაჰნაზარს 1989 წელს მიენიჭა ეღიშე ჩარენცის სახელობის პრემია, 1998 წელს კი - ფრიტიოფ ნანსენის სახელობის საერთაშორისო პრემია.
მისი თარგმანები არ არის მხოლოდ ნათარგმნი ლიტერატურა, ეს ქართული პატიოსნებით გაჯერებული პოეტური სიტყვაა. განუმეორებელი სტილი, სიტყვისა და ფრაზის სწორად შერჩევა მის თარგმანებს ორიგინალს ამსგავსებს და მკითხველს ზედმიწევნით ზუსტად აცნობს არაქართველ ავტორთა შემოქმედებას.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივისცემითა და მადლიერებით ულოცავს ბატონ გივი შაჰნაზარს იუბილეს, უსურვებს მას ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას". - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
0
0