18/10/2024
11:42
კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის ცნობით, გალის რაიონის სოფელ მეორე ოტობაიასთან დრონი ჩამოაგდეს, რომელიც „ანტიოსაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერს დავით ქაცარავას ეკუთვნის. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია,რომ Mavic 3-ის ტიპის დრონი „მიმდებარე ტერიტორიის და სამხედრო ობიექტების გადაღებას ახორციელებდა“.
„რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების გამოყენების შემდეგ დრონი ჩამოგდებული იყო“, - აცხადებენ ე.წ. უშიშროების სამსახურში.
მანამდე დავით ქაცარავამაც დაწერა, რომ პატრულირების დროს მისი დრონი ჩამოაგდეს. მან ფულის შეგროვება დაიწყო ახალი დრონის შესაძენად და შემდეგ განაცხადა, რომ თანხა შეგროვდა და ახალი უპილოტო აპარატიც შეძენილია.
მომხდართან დაკავშირებით აღშფოთებულია „აფხაზეთის სახალხო ფრონტი“.
„აღნიშნულ საფრენ აპარატს საქართველოს შეიარაღებული ძალების არტილერიის კორექტირება შეეძლო, ასევე მისი საშუალებით ასაფეთქებელი მოწყობილობის გადატანა შეიძლება. ჩვენი აზრით, ეს არის პროვოკაცია, რომელიც საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე სიტუაციის დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად“ - განაცხადეს „სახალხო ფრონტში“.
აფხაზური პოლიტიკური ორგანიზაცია უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ საერთაშორისო სამონიტორინგო მისიებს ამ ფაქტთან დაკავშირებით არანაირი ღონისძიებები არ გაუტარებიათ.
0
0