15/02/2023
01:53
კულტურა
ეროვნული გალერეიდან საკუთარი ნამუშევრის გატანას ხელოვანი ლია ბაგრატიონიც ითხოვს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა და შოთიკო აფციაურის, ანდრო დადიანის, საბა გორგოძისა და თორნიკე ნოზაძის პროტესტს შეუერთდა.
“ქეთი [ქეთი შავგულიძე, გამოფენის კურატორი], რამხელა შრომა და ენერგია ჩადე ეს გამოფენა რომ შემდგარიყო, შედგა კიდეც, როგორც ჩვენი დროის ავტოპორტრეტი. აქ უკვე გამოფენის ავტორი შენთან ერთად თვითონ გამოფენის მსვლელობაც გახდებოდა მუზეუმის ისტერიული პოზიცია რომ არა. ყველაფერი საინტერესოა, რაც ნამდვილია. ეს გამოფენაც საინტერესოდ გააგრძელებდა ცხოვრებას, დროზე დაფუძნებული ნამუშევარი შეიქმნებოდა და 12 მარტამდე დავაკვირდებოდით, საბოლოოდ რა სახეს მიიღებდა. სამწუხაროდ, მუზეუმი არ გვაძლევს ამ პროცესზე დაკვირვების საშუალებას და 20 თებერვალს წყვეტს გამოფენას. რაც შემეხება მე, მუზეუმის ფრაზეოლოგიას გამოვიყენებ და ვიტყვი, რომ სხვა ნაკლებად ცნობილ მხატვრებთან ერთად მეც გამოვიტან ჩემ ნამუშევარს” - წერს ლია ბაგრატიონი.
ცნობისთვის, 4 თებერვალს ეროვნულ გალერეაში, სადაც გამოფენა "ავტოპორტრეტი სარკესთან" გაიხსნა, ერთ-ერთმა მონაწილემ, სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევრები ჩამოხსნა და მის ნაცვლად კედელზე წარწერა დატოვა - "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია". შსს-მ ფაქტზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო, თუმცა საქმეში დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო გამოძიება შეწყვიტა.
0
0