29/02/2024
16:46
კონფლიქტები
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ წარჩეში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის, თემურ (ვიტალი) კარბაიას გარდაცვალების საქმეზე ერთი პირი ზუგდიდში დააკავეს.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, სამართალდამცავებმა სამი დღის წინ დააკავეს ოკუპირებული რეგიონის მცხოვრები დავით კვეკვესკირი, რომელმაც საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა და ზუგდიდში მიმალვა შეძლო.
რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციით, კვეკვესკირი ზუგდიდში დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა.
მას თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ „პირი სამართალდამცავების მიერ დაკავებულია მოსამართლის განჩინების საფუძველზე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს“.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმეზე გამოძიება დაწყებული ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით.
გალის „მილიციის“ სამი თანამშრომლის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ოკუპირებულ აფხაზეთშიცაა აღძრული. ამ დროისთვის დაკავებულია ორი ე.წ. მილიციელი.
როგორც დე ფაქტო პროკურატურა აცხადებდა, კარბაია შემდეგ გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც ის გათავისუფლებამდე, 2023 წლის 7 დეკემბრამდე იმყოფებოდა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ ის „პრევენციული საუბრის შემდეგ" გაათავისუფლეს.
„კარბაია 9 დეკემბერს სოხუმის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც ერთი დღით ადრე ის გალის საავადმყოფოდან გადაიყვანეს. კარბაია „ჯანმრთელობის გაუარესების გამო“ მკურნალობდა“, - წერდა ე.წ. შსს.
თემურ კარბაიას ნათესავების ცნობით, იგი სახლში მიდიოდა, როცა ე.წ. მილიციელებმა შესამოწმებლად გააჩერეს. ზუსტად რა მოხდა ამის შემდეგ, ოჯახი ინფორმირებული არ არის, თუმცა დარწმუნებული არიან, რომ თემურ კარბაიას სასიკვდილოდ ე.წ. მილიციელებმა სცემეს.
2023 წლის 11 დეკემბერს გავრცელდა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველი კომენტარიც, რომელიც უწყებამ სააგენტო „აიაშარას“ მისცა და რომელშიც თემურ კარბაიას ცემაზე არაფერი იყო ნათქვამი.
0
0