10/10/2024
17:06
არჩევნები 2024
მარეგულირებელმა კომისიამ ჯარიმის მუქარით, უკანონოდ დააორგანიზა პროცესი, რომ ყველა ეროვნულ მაუწყებელს აუკრძალონ ჩვენი უფასო პოლიტიკური რეკლამის გაშვება - მივმართავ კახა ბექაურს - ძალიან კარგად მესმის, რომ მონური დამოკიდებულება არის ძალიან მარტივი და სწრაფი გზა გამდიდრებისკენ, მაგრამ ეს არის დამოუკიდებელი უწყება, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საქართველოს მოქალაქეებს, განსაკუთრებით, წინასაარჩევნო პერიოდში,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გახარიას განმარტებით, „პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზებული და ამ პასუხისმგებლობას ვერავინ ვერ გაექცევა“.
გახარიამ ასევე, ისაუბრა წინასაარჩევნო პერიოდზეც და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ მეთოდებით - დაშინებით, თვალთვალით, მედიების ჩაკეტვით ცდილობს საქართველოს მოქალაქეებს არ მისცეს შესაძლებლობა გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი“.
„დღეს 10 ოქტომბერია, არჩევნებამდე ზუსტად 16 დღე დარჩა. „ოცნების“ უსუსური, შეშინებული სახეები ცდილობენ აგვიხსნან, რომ არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ გარემოში. სინამდვილეში „ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ მეთოდებით, ზუსტად ისე, როგორც 2012 წელს - დაშინებით, თვალთვალით, მედიების ჩაკეტვით ცდილობს საქართველოს მოქალაქეებს არ მისცეს შესაძლებლობა გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი. სულ რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ: მაგალითად, გუშინ, დღის მეორე ნახევარში, როდესაც ჩვენი აქტივისტები ახალგაზრდული ორგანიზაციიდან და ქალთა ორგანიზაციიდან ეწეოდნენ აგიტაციას, ზუსტად „ნაციონალური მოძრაობის“ სტილში, თავს დაესხნენ „ოცნების“ მოძალადეები.
ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, აქ ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო ის, რომ თავდამსხმელები „ოცნების“ ახალგაზრდები იყვნენ. ეს არის ის, რასაც დღეს „ოცნება“ უკეთებს თავისივე ახალგაზრდულ ორგანიზაციას. ეს არის უდიდესი იმედგაცრუება, რადგან ეს ის ხალხია, რომელიც მშვიდობაზე გვესაუბრება და ქართველ ახალგაზრდებს ერთმანეთს უპირისპირებს.
მაგრამ ეს არ არის ჩვენი დღევანდელი შეხვედრის თემა. ჩვენი შეხვედრის დღევანდელი თემა გახლავთ ის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ახლა კომუნიკაციების ეროვნულ მარეგულირებელ კომისიაში - პროცესი, რომლის მიზანი გახლავთ ჩვენს პარტიას უფასო სატელევიზიო რეკლამაზე არ მისცეს წვდომა. სულ რამდენიმე დღის წინ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, რომელსაც მადლობა მინდა ვუთხრა ამისთვის, მოგვანიჭა კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს პარტიას უნდა ჰქონდეს წვდომა უფასო რეკლამაზე. როგორც კი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, მაშინვე ჩაერთო პროცესში მარეგულირებელი, რომელმაც ჯარიმის მუქარით, უკანონოდ დააორგანიზა ის პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს და რომლის მიზანიც არის, რომ ყველა ეროვნულ მაუწყებელს აუკრძალონ ჩვენი უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსება ტელესივრცეში. მე მინდა პერსონალურად მივმართო კახა ბექაურს - ძალიან კარგად მესმის, რომ მონური დამოკიდებულება არის ძალიან მარტივი და სწრაფი გზა გამდიდრებისკენ, მაგრამ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია არის დამოუკიდებელი უწყება, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საქართველოს მოქალაქეებს, განსაკუთრებით, წინასაარჩევნო პერიოდში და აკეთებდეს ყველაფერს იმისთვის, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. მინდა მე, პირადად, გიორგი გახარიამ გავაფრთხილო, რომ პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზებული და ამ პასუხისმგებლობას ვერავინ ვერ გაექცევა; ვერავისთვის უკან გასასვლელი კარი ვერ იქნება.
მინდა მივმართო პარტიულ მედიებს, „იმედს“, „რუსთავი 2-ს“, მათ თანამშრომლებს, მათ მაყურებლებს: მეგობრებო, თქვენ თუ მართლა გაქვთ ის გაცხადებული სურვილი, რომ არ დაუშვათ „ნაციონალური მოძრაობის“ რევანში, იცოდეთ და შეხედეთ ამ უსუსურ „ოცნებას“, რომელსაც არაფრის თავი აღარ აქვს, უკვე გუნდურებიც აღარ არიან, ერთმანეთს ებრძვიან თვითგადარჩენისთვის. თქვენ თუ მართლა გაქვთ ეს გაცხადებული მიზანი და ეს სიმართლეს შეესაბამება, მაშინ გაგვიხსენით ეთერები და გაუშვით ჩვენი წინასაარჩევნო რეკლამა თქვენს ეთერებში. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ჩვენ ყველამ ერთად არ დავუშვათ „ნაციონალური მოძრაობის“ რევანში, რაც მე მჯერა, რომ არის თქვენი მიზანიც, ისევე როგორც ჩვენი, რომელიც ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია და ყოველთვის ვადასტურებთ. ყოველთვის ვიქნებით იმ პრინციპის მომხრეები, რომ ჩვენ 26 ოქტომბერს უნდა დავამარცხოთ „ოცნება“ და უნდა დავამარცხოთ „ნაციონალური მოძრაობა“ ერთდროულად; რომ არც ერთმა ადამიანმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთი პროცენტი რევანშისტული იდეები არ დაუშვას. ამის გაკეთება შეგვიძლია დღეს მხოლოდ ჩვენ. მოგვეხმარეთ ამაში, თუ თქვენი სურვილი გულწრფელია და თქვენ ემსახურებით ქართველ ხალხს“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
0
0