12/05/2023
13:54
სპორტი
პოპულარული იტალიური გამოცემის, „კორიერე დელო სპორტის“ დირექტორმა, ალესანდრო ბარბანომ, რადიო Napoli Centrale-სთან ინტერვიუში არ დამალა, რომ მომხრეა, „ნაპოლიმ“ დიეგო მარადონას 10-ნომრიანი მაისურა ხვიჩა კვარაცხელიას გადასცეს და ნეაპოლელებს ამ თემაზე დისკუსიის დაწყებისკენ მოუწოდა.
„ლუჩანო სპალეტის „ნაპოლიმ“ შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, რაშიც დიდია ხვიჩა კვარაცხელიას წვლილი. მსურს, რომ ქართველი ფეხბურთელისთვის 10-ნომრანი მაისურის გადაცემის შესახებ დებატები დავიწყოთ. 10 ნომერი საფეხბურთო სილამაზეს განასახიერებს. ხვიჩა არ არის ისეთი, როგორიც დიეგო იყო, მაგრამ ეს მას არ აკნინებს.
კვარასთვის 7 ნომერი საუკეთესოა? ესეც იდეაა, მაგრამ ხვიჩას აქვს პოტენციალი, რომ უკეთესი გახდეს. ამიტომ ვიწყებ ამ თემაზე გამოკითხვას, რომელში მონაწილეობაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია. სწორი არჩევანი უნდა გაკეთდეს, რადგან ქართველი ფეხბურთელი ამ სეზონში „ნაპოლის“ მთავარი გმირი იყო და 10 ნომერი მას ეკუთვნის“, – ამბობს Corriere dello Sport-ის დირექტორი.
ლეგენდარული არგენტინელი კაპიტნის, დიეგო მარადონას პატივსაცემად, 2000 წლიდან „ნაპოლში“ 10-ნომრიანი მაისურა გაუქმებულია.
საქართველოს ნაკრების 22 წლის ლიდერმა „ნაპოლიში“ სადებიუტო სეზონში ყველა ტურნირზე 14 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა.
0
0