21/10/2024
15:25
საზოგადოება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად თავისუფლების მოედნის და თაბორის ქედის დამაკავშირებელი საბაგირო და თაბორზე მშენებარე სასტუმრო „პარაგრაფის“ კომპლექსი დაათვალიერა.
მთავრობის მეთაურმა და დედაქალაქის მერმა საბაგიროთი იმგზავრეს და დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ ტურიზმის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორისგან, გიორგი ბაიდარაშვილისგან მიიღეს.
„თაბორზე მშენებარე სასტუმრო „პარაგრაფის“ კომპლექსი არის ძალიან საინტერესო პროექტი, რომელიც მთლიანად ქალაქის განვითარებას და ტურისტული პოტენციალის უკეთ ათვისებას შეუწყობს ხელს. პროექტში ჩადებულია 175 მლნ დოლარის ინვესტიცია და ეს იქნება უნიკალური სივრცე თბილისისთვის და ტურისტებისთვის, რომლებიც ჩამოვლენ საქართველოში. ჩვენ ვიმგზავრეთ ახალი საბაგიროთი და ძალიან კარგია, რომ ახალი წლისთვის გაიხსნება როგორც სასტუმრო კომპლექსი, ასევე საბაგირო გზა, რითაც ისარგებლებენ როგორც ჩვენი თანამოქალაქეები, ასევე უცხოელი ვიზიტორები. მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ფონდ „ქართუს“, რომელიც იყო მთლიანად ამ იდეის ავტორი და ამ პროექტის სულისჩამდგმელი. ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის ახორციელებს ისეთ პროექტებს, რომლებიც ორიენტირებულია ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე და ეს პროექტიც ამის საუკეთესო გამოხატულებაა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
თავისუფლების მოედნის და თაბორის ქედის დამაკავშირებელი საბაგიროს პროექტში განხორციელებული ინვესტიციის ჯამური მოცულობა 20 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. საბაგიროს ორივე სექციას საათში 1 000 მგზავრის გადაყვანა შეუძლია. პირველი სექციის სადგურებს შორის მანძილი 1 200 მეტრია და მგზავრობას დაახლოებით ხუთი წუთი სჭირდება, ხოლო მეორე სექციის სადგურებს შორის არსებულ 700-მეტრიან მანძილზე მგზავრობის ხანგრძლივობა 3,5 წუთია.
პრემიერ-მინისტრმა და თბილისის მერმა თაბორის ქედზე სასტუმრო „პარაგრაფის“ კომპლექსის მშენებლობაც დაათვალიერეს, რომელიც დასრულების ეტაპზეა. სასტუმრო „პარაგრაფ თაბორი“ და თავისუფლების მოედნის და თაბორის ქედის დამაკავშირებელი საბაგირო ახალ წელს დასრულდება.
0
0