10/07/2024
14:38
კულტურა
სპეციალისტებს საშუალება მიეცათ, ალავერდის საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე სამრეკლო-კარიბჭის თუნუქის საბურველის გარკვეულ პერიმეტრზე მოხსნის შედეგად ნაწილობრივ დაეთვალიერებინათ გადახურვის კონსტრუქციის მდგომარეობა.
ამჟამად არქიტექტორ-რესტავრატორები და კონსტრუქტორები სახურავის მდგომარეობას აფასებენ. შეფასების საფუძველზე მომზადდება სამრეკლო-კარიბჭის სახურავის აღდგენისთვის საჭირო პროექტი.
უახლოეს დღეებში დასრულდება ალავერდის საკათედრო ტაძრის დასავლეთ მინაშენის (სტოა) კრამიტით გადახურვის მდგომარეობის შეფასება და დაიგეგმება სარეაბილიტაციო მეთოდოლოგია.
ინფორმაციისთვის: 25 ივნისის სტიქიის შედეგად გადახდილია ალავერდის ტაძრის გუმბათის თუნუქის საფარი, ჩრდილოეთი კალთის სხვადასხვა ადგილას დამტვრეულია ლორფინის ქვები, დანარჩენ ადგილებში დაზიანებულია კრამიტის სახურავი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარისა და გუმბათის სარკმლები, დაზიანებულია სამრეკლოს თუნუქისა და საეპისკოპოსო სახლის კრამიტის სახურავები, ჩამოშლილია სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა.
ალავერდის ეპარქიისა და სააგენტოს წარმომადგენლებთან შეთანხმებით გადაწყდა ტაძრის ფასადზე სასწრაფოდ ხარაჩოს აგება, რათა სპეციალისტებმა შეძლონ გუმბათზე მუშაობა.
ალავერდში გაიგზავნა 3000 კვ. მ-მდე ხარაჩოს მასალა.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 26 ივნისს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორ ნიკოლოზ აზნაურაშვილთან ერთად ალავერდში ჩავიდა და სამონასტრო კომპლექსში შექმნილ მდგომარეობას გაეცნო.
0
0