30/11/2022
21:39
სამართალი
სააპელაციო სასამართლომ “ფორმულას”, “მთავარი არხისა” და ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გრიგოლ ლილუაშვილის სარჩელზე გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
ლილუაშვილმა სადავო გახადა “ფორმულას” და “მთავარი არხის” ეთერებში გავრცელებული განცხადებები, რომლებიც დანაშაულებრივ სქემაში, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ლილუაშვილის სავარაუდო ჩართულობას უკავშირდებოდა.
საქალაქო სასამართლომ ლილუაშვილის ეს სარჩელი მაშინ დააკმაყოფილა და ტელეკომპანიებს დაავალა, ორი კვირის ვადაში გაევრცელებინათ ცნობა იმის შესახებ, რომ ამ საქმეზე ცილისწამების ნაწილი დადგინდა.
ლილუაშვილი სამივე მხარისგან სიმბოლური 1 ლარის გადახდას ითხოვდა.
საქმე ეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებას, რითაც სასამართლომ დააკმაყოფილა გრიგოლ ლილუაშვილის სარჩელი შპს “ფორმულას”, შპს “მთავარი არხის” და ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ.
კერძოდ, სარჩელში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი, სადავოდ ხდიდა მედიაში გავრცელებულ განცხადებებს, რომლებიც დანაშაულებრივ სქემაში, ე.წ ქოლ-ცენტრების საქმეში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და მისი, როგორც ამ უწყების ხელმძღვანელის, სავარაუდო ფიგურირებას უკავშირდება. პირველმა ინსტანციამ მოსარჩელის მიმართ დაადგინა ცილისწამების ფაქტი და მოპასუხეებს დააკისრა იმავე მედიასაშუალებების მეშვეობით გავრცელებული ცნობების უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლოში, მედიის წარმომადგენლები, ითხოვდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, ასევე იმ განჩინების გაუქმებას, რომლითაც თბილისის საქალაქო სასამართლომ უარი თქვა საქმის წარმოების შეწყვეტაზე.
წყარო" ტვ “ფორმულა”
0
0