22/10/2024
10:56
მსოფლიო
ევროკომისიის თავმჯდომარემ ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოლდოველ ხალხს და პრეზიდენტ მაია სანდუს ევროინტეგრაციის საკითხზე გამართული რეფერენდუმის შედეგები მიულოცა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
„რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული შეტევის წინაშე მოლდოვამ აჩვენა, რომ ის არის დამოუკიდებელი, ძლიერი და სურს ევროპული მომავალი“, - დაწერა ფონ დერ ლაიენმა X-ში.
მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, კიშინიოვის ევროპულ კურსს რეფერენდუმის მონაწილეთა 50,46%-მა მხარი დაუჭირა.
პლებისციტზე შეკითხვა ასე იყო დასმული: „მხარს უჭერთ თუ არა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას, რომლის მიხედვით მოლდოვა ევროკავშირს უნდა შეუერთდეს“. თავდაპირველად მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის სხვაობა მინიმალური იყო. მოგვიანებით, როგორც მოლდოვაში, ასევე საზღვარგარეთ რეფერენდუმში მონაწილე პირთა ხმების დათვლის შემდეგ სხვაობა ევროინტეგრაციის მომხრეთა სასარგებლოდ შეიცვალა.
20 ოქტომბერს მოლდოვაში ასევე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. მოქმედმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ ამომრჩეველთა ხმების 42,4% მიიღო, ხოლო მისმა მოწინააღმდეგემ, ალექსანდრე სტოიანოგლომ - 26,01%. შესაბამისად, 3 ნოემბერს მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
0
0