23/10/2024
11:22
სამართალი
ფიროსმანის ქუჩაზე, ტატო ფირცხალაიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ იოსებ ბალარჯიშვილსა და მასთან ერთად დაკავებული კიდევ სამი პირის საქმეზე სასამართლო დღეს გაიმართება.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზეა დანიშნული.
დღევანდელ პროცესზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. პროკურატურა დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. თუ რა პოზიცია აქვს დაცვის მხარეს, ეს უცნობია, იოსებ ბალარჯიშვილის ადვოკატი მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.
სხდომას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბალარჯიშვილი სავარაუდოდ, დისტანციურად დაესწრება კლინიკა „ჰელსიკორიდან“.
ცნობისთვის, 20 ოქტომბერს, თბილისში, ფიროსმანის ქუჩის მიმდებარედ 37 წლის ტატო ფირცხალაიშვილი მოკლეს, იოსებ ბალარჯიშვილი კი დაიჭრა. მომხდარიდან მალევე, სამართალდამცავებმა ბალარჯიშვილი მკვლელობის ბრალდებით, მისი თანმხლები პირები კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.
საგამოძიებო უწყების ცნობით, მკვლელობა წარსულში მომხდარი დაპირისპირების გამო ანგარიშსწორების ნიადაგზე მოხდა. შემთხვევის დღეს ჩხუბში მონაწილე მხარეები ერთმანეთს თანმხლებ პირებთან ერთად შეხვდნენ.
პროკურატურა დამნაშავე პირთა წრის გაფართოებას არ გამორიცხავს, ვინაიდან დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დასადგენად გამოძიებას აგრძელებს.
იოსებ ბალარჯიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, სამ ბრალდებულს კი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
0