09/08/2022
11:14
მსოფლიო
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI-ს) თანამშრომლებმა ფლორიდაში, პალმ-ბიჩზე მდებარე მის რეზიდენციაში ჩხრეკა ჩაატარეს. მან FBI-ის მიერ ჩატარებულ ჩხრეკას "თავდასხმა" უწოდა და ამტკიცებს, რომ გამომძიებლები მის სეიფში შეიჭრნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩხრეკის მიზანი, სავარაუდოდ, იმ გასაიდუმლოებული დოკუმენტური მასალების (15 ყუთის) მოპოვება იყო, რომლებიც ტრამპმა მარ-ა-ლაგოში - საკუთარ რეზიდენციაში წაიღო, როდესაც მან თეთრი სახლი დატოვა.
ჩხრეკის ოპერაციის დროს დონალდ ტრამპი ნიუ-იორკში იმყოფებოდა. როგორც მისმა ერთ-ერთმა ვაჟმა ერიკ ტრამპმა Fox News-ს განუცხადა, სწორედ მან აცნობა მამას, რომ მის რეზიდენციაში ჩხრეკა მიმდინარეობდა. მისივე თქმით, ჩხრეკის ოპერაცია ყოფილი პრეზიდენტის დოკუმენტების გატანასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა. წყაროს ინფორმაციით, ერთ-ერთი საიდუმლო მასალა, რომელიც ტრამპის 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიას ეხება, მის საძინებელში ინახებოდა.
„შესაბამის სამთავრობო უწყებებთან მუშაობისა და თანამშრომლობის შემდეგ, ჩემი სახლის დარბევა არ იყო საჭირო ან მიზანშეწონილი. ისინი ცდილობენ, რომ მართლმსაჯულების სისტემა იარაღად გამოიყენონ, რათა ხელი შემიშალონ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებაში. ჩემი სახლი მარ-ა-ლაგო პალმ ბიჩში, ფლორიდაში, ამჟამად დარბეულია და დაკავებულია FBI-ს აგენტების დიდი ჯგუფის მიერ. ეს ბნელი დღეა აშშ-ის ისტორიაში; ასეთი თავდასხმა შეიძლება მოხდეს მხოლოდ ჩამორჩენილ, მესამე სამყაროს ქვეყნებში. ისინი ჩემს სეიფშიც კი შეიჭრნენ!“ - განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა არ დააკონკრეტა, თუ რას ეძებდნენ FBI-ს აგენტები მის სახლში.
დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამოძიება აპრილში მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ის ეროვნული არქივის სამმართველომ კონგრესს შეატყობინა, რომ დონალდ ტრამპის სახლში თეთრი სახლის დოკუმენტებით სავსე 15 ყუთი აღმოაჩინა, რომელთაგან ზოგიერთი საიდუმლო დოკუმენტს წარმოადგენდა. კანონმდებლობის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტი თანამდებობის დატოვების შემდეგ ვალდებულია, თავისი წერილები, სამუშაო დოკუმენტები და ელექტრონული ფოსტა ეროვნულ არქივს გადასცეს.
0
0