22/12/2022
13:48
კონფლიქტები
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის ფედერაციის „სამშვიდობოები“ლაჩინის დერეფნის გადაკეტვაში დაადანაშაულა, რომელიც ერთადერთი გზაა, რომელიც სომხეთს მთიან ყარაბაღთან აკავშირებს.
ამის შესახებ პაშინიანმა ხუთშაბათს მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას რადიო თავისუფლების სომხურ სამსახური ავრცელებს.
მან აზერბაიჯანის ქმედებებს ლაჩინის დერეფნის გადაკეტვის გამო უკანონო უწოდა, რუსეთი გააკრიტიკა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი რეალურად არ ასრულებს სამმხრივი შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს.
ფაშინიანის თქმით, 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების მე-6 პუნქტის თანახმად, ლაჩინის დერეფანი მთიან ყარაბაღი რუსეთის ფედერაციის ე.წ. „სამშვიდობო ძალების“ კონტროლის ქვეშაა და აზერბაიჯანმა კი მოქალაქეთა გადაადგილების უსაფრთხოების გარანტია გასცა.
„დღეს ეს პუნქტი რეალურად არ მუშაობს. დე ფაქტო გამოდის, რომ რუსული „სამშვიდობო კონტინგენტი“ არ ასრულებს სამმხრივი განცხადების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებას ლაჩინის დერეფნის კონტროლის თაობაზე. რა თქმა უნდა, მსგავსი რამ ხდება აზერბაიჯანის უკანონო ქმედებების შედეგად, მაგრამ ეს არ ცვლის სიტუაციას, რადგან რუსული „სამშვიდობო ძალების“ მთავარი მიზანია მსგავსი უკანონობის აღკვეთა და, კერძოდ, ლაჩინის დერეფნის გაკონტროლება" - განაცხადა ფაშინიანმა. .
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აქტიური მუშაობისკენ მოუწოდა გაეროს და ეუთოს მისიებს, ასევე ეუთოს მინსკის ჯგუფს, მთიან ყარაბაღსა და ლაჩინის დერეფანში ფაქტების დადგენის თაობაზე.
ფაშინიანმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთმა აზერბაიჯანს წარუდგინა თავისი წინადადებები სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერევანი მზად არის ხელი მოაწეროს ასეთი შინაარსის შეთანხმებას.
„იმედი მაქვს, რომ აზერბაიჯანის რეაქციაც დადებითი იქნება“ - განაცხადა მან.
0
0