15/11/2024
14:55
საზოგადოება
28 წლის შორენა ონიანი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ქუთაისის მეორე სამშობიაროში ნაადრევად ტყუპი შეეძინა და მშობიარობიდან რამდენიმე საათში მისი მდგომარეობა დამძიმდა, თურქეთის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში შორენას ბიძაშვილი მისი მოგვარე და მოსახელე შორენა ონიანი ავრცელებს.
"გამოკვლევები ჩაუტარდება და დაუყონებლივ დაიგეგმება და ჩაუტარდება ურთულესი ოპერაცია, რომელზეც ყველა დიდ იმედს ვამყარებთ... მეგობრებო, ნათესავებო, აბსოლუტურად ყველას გთხოვთ, ვისაც შეგიძლიათ მიხვიდეთ ტაძრებში, დაანთოთ სანთლები და შორენას გამოჯანმრთელებისთვის ილოცოთ. სვანეთში ვისაც შეგიძლიათ, სვანური წესითად დალოცოთ, ერთობლივი ლოცვა და მხარდაჭერა უფრო ძლიერად მიუვა, მე ასე მჯერა და გთხოვთ თქვენც იწამოთ ასე და დილიდანვე ტაძრებში, ხატებთან, დანთებული სანთლებით ვილოცოთ..." - წერს შორენა ონიანი.
როგორც მან ambebi.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა, შორენას ტვინის დაზიანება აქვს მიღებული და უგონო მდგომარეობაში იმყოფება.
"ორსულობა ნორმალურად მიდიოდა, ყველა პარამეტრი ნორმაში იყო, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ტყუპებს ელოდებოდა, მაინც იყო ნაადრევი მშობიარობის რისკი. ეს შორენასთვის პირველი მშობიარობა იყო, თავს უფრთხილდებოდა, ცდილობდა, რომ მოსვენებით ყოფილიყო. ამ კვირაში ჰქონდა საკეისრო კვეთა, მაგრამ ვერ მოასწრო. ზესტაფონში ცხოვრობდა, წყლები იქ დაღვარა, მალევე წამოვიდა ქუთაისში, მაგრამ ბუნებრივად მშობიარობა მოუწია.
ქუთაისის მეორე სამშობიაროში იმშობიარა, ბავშვები ჯანმრთელები დაიბადნენ. თვითონაც ნორმალურად გრძნობდა თავს. ჩვენი ერთ-ერთი მეგობარი დაესწრო მშობიარობას, ნორმალურად ჩაიარა, შემდეგ პალატაში გადაიყვანეს, მეგობარიც მასთან ერთად იყო პალატაში. სუსტად გრძნობდა თავს, თავბრუსხვევას. რამდენიმე საათში გულყრის ეპიზოდი ჰქონდა, გონება დაკარგა. ექოსკოპიაზე შეიყვანეს და ფარული სისხლდენა იყო დაწყებული მუცლის ღრუში. მაშინვე საოპერაციოდ შეიყვანეს.
ახლა შორენა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, მთელი რიგი გართულებები მოჰყვა. დაკარგა საშვილოსნო, მაგრამ მაგას ვინ დაეძებს, მთავარია გადარჩეს. ახლა თურქეთში იმყოფება"...
0
0