10/11/2024
13:18
პოლიტიკა
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ლაშა ბაქრაძის განცხადებით, ევროპელი პოლიტიკოსების დელეგაციას, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან, ოპოზიცია შეხვდება.
როგორც ლაშა ბაქრაძემ აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლები მათ მიაწვდიან საჭირო ინფორმაციას, „თუ როგორ მოჰპარა ივანიშვილმა ქართველ ხალხს არჩევნები“.
„მაღალი რანგის დელეგაცია ჩამოდის ევროპიდან, იქნებიან სხვადასხვა კომიტეტების ხელმძღვანელები. რასაკვირველია მათგან მოველით ძალიან მკაცრ განცხადებას იმ გაყალბებებთან დაკავშირებით, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებზე მოხდა, მათ შორის არიან უკვე ცნობილი კრიტიკოსები, რომელიც არ უყვარს „ქართულ ოცნებას“, მაგალითად, მიხაილ როთი გერმანიის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე და ბევრი სხვა, სულ 12 ადამიანი ჩამოდის. მათთან რასაკვირველია დაგეგმილია ოპოზიციის შეხვედრები. ოპოზიცია მათ მიაწვდის საჭირო ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდებოდა და როგორ მოიპარეს ეს არჩევნები“,- განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და გერმანიის პარლამენტების კომიტეტების თავმჯდომარეები 11 ნოემბერს თბილისს ეწვევიან. მიხაილ როთთან და ჟიგიმანტას პავილიონისთან ერთად თბილისს ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონი, ლატვიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ინარა მურნიეცე, ფინეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იუკა კოპრა, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ფრედერიკ პეტი, შვედეთის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ერიკ ოტოსონი და პოლონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის წევრი მიჰაუ კამინსკი ეწვევიან.
0
0