18/11/2024
22:14
პოლიტიკა
ევროკავშირში, ნათლად უნდა ვთქვათ, რომ საქართველოში დემოკრატიული არჩევნები არ იყო, დღევანდელი მდგომარეობით, ამ არჩევნების ლეგიტიმურად აღიარება არ შეგვიძლია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა და საქართველოს საკითხებში მუდმივმა მომხსენებელმა, რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის შეხვედრაზე განაცხადა, სადაც კომიტეტის წევრები საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებსა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ.
მისი თქმით, საქართველო „რუსული სტილის ოლიგარქის“, ბიძინა ივანიშვილის მიერ „არის შეპყრობილი“.
„ჩვენ რეგიონში ორ მნიშვნელოვან არჩევნებს ვაკვირდებოდით, მოლდოვასა და საქართველოში. ორივე მათგანი კრემლის სამიზნე იყო. მაგრამ მოლდოვაში რუსეთს გარე აქტორის როლში ყოფნა მოუწია, ხოლო საქართველოს არჩევნებში კრემლის ნარატივები გავრცელდა და არჩევნების მოპარვა ხელისუფლებამ შიგნიდან განახორციელა. საქართველო რუსული სტილის ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მიერ არის შეპყრობილი. ჩვენ ეს ღიად და მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ. მე სანქციებს მხარს ვუჭერ“, - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.
მისივე თქმით, ევროკავშირში ნათლად უნდა ითქვას, რომ საქართველოში დემოკრატიული არჩევნები არ ჩატარებულა.
„აქ, ევროკავშირში, ნათლად უნდა ვთქვათ, რომ ეს დემოკრატიული არჩევნები არ იყო. „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში არ გაუმარჯვია. დღევანდელი მდგომარეობით, ამ არჩევნების ლეგიტიმურად აღიარება არ შეგვიძლია, საარჩევნო დარღვევების დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება უნდა მოვითხოვოთ და საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებისკენ მოვუწოდოთ, ძლიერი საერთაშორისო ზედამხედველობით, რათა ქართველ ხალხს თავისი ნების გამოხატვის შესაძლებლობა ჰქონდეს. ამას ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანი შედეგები ექნება. დიახ, ჩვენ მხარს დავუჭერთ დემოკრატიულ პროევროპულ ქართველ ხალხს, გავზრდით მხარდაჭერას, მაგრამ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკვე გაყინულია. ის ასე დარჩება. აშკარაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კანდიდატის სტატუსი საქართველოს მომავალზე მანიპულირებისთვის გამოიყენა. ამიერიდან ევროკავშირმა ძალიან მკაფიოდ უნდა ისაუბროს როგორც ქართულ საზოგადოებასთან, ასევე „ქართულ ოცნებასთან“. ევროკავშირის წევრობა ავტორიტარიზმთან შეუთავსებელია. უფრო მკაფიოდ რომ ვთქვა, ევროკავშირის წევრობა მხოლოდ ქვეყნის „დებიძინიზაციის“ შემდეგ არის შესაძლებელი. უნდა გადავხედოთ, რჩება თუ არა საქართველო უვიზო რეჟიმის უფლების შესაფერისად. ჩვენ ვეღარ გავამართლებთ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის ევროკავშირის ორმხრივ დახმარებას, მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილისა და მისი ბანდის ქმედებების გამო“, - აღნიშნა რასა იუკნევიჩიენემ.
0
0