23/11/2024
21:09
მსოფლიო
ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მთავრობებს არ შეუძლიათ თავად აირჩიონ, დაემორჩილებიან თუ არა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ისრაელისა და „ჰამასის“ ლიდერების წინააღმდეგ გაცემულ დაკავების ორდერებს.
„ქვეყნები, რომლებმაც ხელი მოაწერეს რომის სტატუტს, ვალდებულნი არიან, შეასრულონ სასამართლოს გადაწყვეტილება. ეს არ არის არჩევითი“, – განაცხადა ბორელმა.
მისივე თქმით, იგივე ვალდებულებები ვრცელდება ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებზეც.
„ძალიან სასაცილო იქნება, რომ ახალ წევრებს ჰქონდეთ ვალდებულება, რომელსაც ამჟამინდელი წევრები არ ასრულებენ“, – თქვა ბორელმა.
შეგახსენებთ, რომ ჰააგის სასამართლოს მიერ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, ისრაელის ყოფილი თავდაცვის მინისტრისა და „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერის დაკავების ორდერების გაცემას ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის განსხვავებული რეაქციები მოჰყვა. უნგრეთში განაცხადეს, რომ ისრაელის პრემიერს მიწვევა გაუგზავნეს, ხოლო საფრანგეთმა და გერმანიამ ნათლად არ განაცხადეს, დააკავებენ თუ არა ისრაელის მთავრობის მეთაურს.
ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირს არ გამოუვლენია მსგავსი გაუბედაობა, როდესაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. მან ასევე უარყო ისრაელის ბრალდება ანტისემიტიზმის შესახებ.
„ყოველ ჯერზე, როცა ვიღაცა არ ეთანხმება ისრაელის რომელიმე მთავრობის პოლიტიკას, მას ანტისემიტიზმში ადანაშაულებენ. მე მაქვს უფლება, გავაკრიტიკო ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებები, იქნება ეს ბატონი ნეთანიაჰუ თუ სხვა ვინმე, ისე რომ არ დამადანაშაულონ ანტისემიტიზმში. ეს მიუღებელია. კმარა“, – თქვა ბორელმა.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სადამფუძნებლო ხელშეკრულების, რომის სტატუტის ხელმომწერი.
0
0