20/03/2023
10:17
კონფლიქტები
ევროკავშირი მხარს უჭერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, გამოსცეს ორდერი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბავშვთა უფლებების კომისრის მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების შესახებ.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებმა 2022 წლის 15 დეკემბერს ხაზი გაუსვეს, რომ ევროკავშირი მიესალმება და წაახალისებს შემდგომ ძალისხმევას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სრული პასუხისმგებლობის დაკისრება ომის დანაშაულებსა და სხვა უმძიმეს დანაშაულებზე, რომლებიც დაკავშირებულია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომთან”, - აღნიშნულია ევროკავშირის განცხადებაში.
მათივე განცხადებით, ევროკავშირი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას პასუხისმგებლობის პროცესის დასაწყისად განიხილავს.
„ევროკავშირი განიხილავს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, როგორც პასუხისმგებლობის პროცესის დასაწყისს და რუსეთის ლიდერებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას იმ დანაშაულებისა და სისასტიკეებისთვის, რომელსაც ისინი უკრაინაში ახორციელებენ.
ევროკავშირი ასევე გამოხატავს მხარდაჭერას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის უკრაინაში წარმოებული გამოძიების მიმართ და ყველა მონაწილე სახელმწიფოს სრული თანამშრომლობისკენ მოუწოდებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.
0
0