17/07/2024
13:35
სპორტი
ვალენსიას ორი კლუბის, „ვალენსიასა“ და „ლევანტეს“ ქართველმა ლეგიონერებმა, გიორგი მამარდაშვილმა და გიორგი ქოჩორაშვილმა ევროპის ჩემპიონატი შესანიშნავად ჩაატარეს და მათი შეფასება საგრძნობლად გაიზარდა – ამის შესახებ წერილს ესპანური გამოცემა Plazadeportiva აქვეყნებს.
„ევროპის ჩემპიონატი ვალენსიელების გადაფასებით დასრულდა. „ვალენსია“ და „ლევანტე“ ტურნირზე ნაკლებად იყვნენ წარმოდგენილნი, მაგრამ ქართველები ხელიხელჩაკიდებულები წავიდნენ საქართველოს ნაკრებში, რომელსაც მერვედფინალში ესპანეთმა გადაუღობა გზა. ამის მიუხედავად, ევრო 2024-ის „ვიტრინაში“ მოქცეული მამარდაშვილის და ქოჩორაშვილის შეფასება ევროპაში მკვეთრად გაიზარდა.
ქართველმა მეკარემ ჩეხეთთან ფრედ დასრულებულ შეხვედრაში დიდი როლი ითამაშა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. საბოლოოდ, ჯგუფური ეტაპის გასაღები სწორედ ეს ქულა გახდა.
გიორგი მამარდაშვილმა გერმანიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი სახელი დატოვა, მაგრამ მისი მომავალი გაურკვეველია. ის ტოვებს ევროს, როგორც ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე, მიუხედავად მერვედფინალში ესპანეთთან მძიმე მარცხისა (4:1). საქართველომ ისტორია დაწერა, მამარდაშვილმა კი თავისი უნარები მთელ საფეხბურთო სამყაროს აჩვენა და კიდევ უფრო დაფასდა.
რაც შეეხება ქოჩორაშვილს, ის ვილი სანიოლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო. მან ევრო 2024-ზე ყველა წუთი ითამაშა და პირველ მატჩში საგოლე გადაცემაც შეასრულა. ქოჩორაშვილი ტურნირზე შეუმჩნეველი არ დარჩენილა. და ქოჩო, რომელიც „ვიტრინაში“ კარგად გამოჩნდა, არის ერთ-ერთი ის მოთამაშე, რომელზეც „ლევანტე“ წინადებებს იღებს.
გარდა ამისა, ქოჩო 1/8 ფინალამდე ტურნირის „რვაფეხა“ გახდა. ამ ტურამდე ქართველი ნახევარმცველი ევრო 2024-ზე ბურთის ართმევაში საუკეთესო იყო. სპორტული სტატისტიკის სპეციალიზირებული კომპანია Sofascore-ის სტატისტიკის მიხედვით, გიორგი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ჩატარებულ ოთხ თამაშში ეს 31-ჯერ შეძლო და ბურთის ართმევაში ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გახდა“, – წერს ესპანური გამოცემა.
0
0