12/10/2024
16:37
არჩევნები 2024
„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ეუთოს წინასაარჩევნო ანგარიში ასახავს იმ სისტემურად და ფუნდამენტურად უსამართლო და უთანასწორო საარჩევნო გარემოს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს შექმნილი.
მისი განმარტებით, ეს არის მიტაცებული სახელმწიფო, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუციები დაკომპლექტებულია იმ ნიშნით, სახელისუფლებო პარტია, ვის ენდობა და არა იმის მიხედვით, ვის ენდობა ხალხი.
„ეს სახელმწიფო ინსტიტუციები გამოიყენება მმართველი პარტიის მხრიდან ოპონენტი პარტიების რეპრესიისთვის და ხელის შეშლისთვის. ასევე, მედიაგარემო არ არის თავისუფალი და თანასწორი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ქმნის ფუნდამენტურად უსამართლო და უთანასწორო გარემოს, რაც შორს არის დემოკრატიული სტანდარტისგან. სწორედ, ასეთ ვითარებაში, ანგარიშში აღწერილი რეალობა კიდევ ერთი მაჩვენებელია და დასტურია იმისა, თუ რატომ არის 26 ოქტომბრის არჩევნებში თითოეული მოქალაქის ხმა უაღრესად მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ სწორედ მოქალაქეების დიდ აქტიურობას, მობილიზებას და პრინციპულობას შეუძლია წინ აღუდგეს ხელისუფლების მხრიდან ნებისმიერი ჩარევის, მანიპულაციის და არჩევნების მიტაცების მცდელობას.
არ არსებობს უფრო საიმედო გარანტი არჩევნების დაცვის, ვიდრე ის, რომ ყველა მოქალაქემ აქტიური მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო პროცესში. მოქალაქეების დიდ აქტიურობას და სიმტკიცეს, არჩევნების მიტაცების ვერანაირი მცდელობა ვერ მოერევა ჩვენ, „ძლიერი საქართველო“, 9 ნომრის ირგვლივ გაერთიანებული პარტიები, რა თქმა უნდა, ასევე აქტიურად ვემზადებით თითოეული ხმის დასაცავად.
ეს არის სწორედ განწყობა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში. მოქალაქეებს ზუსტად ესმით, რატომ არის მათი ჩართულობა გადამწყვეტი არჩევნების ბედისთვის და ქვეყნის ბედისთვის და რატომ არის ეს არჩევნები მართლაც რეფერენდუმი საქართველოს წარსულს, რუსეთსა და საქართველოს მომავალს, ევროპას შორის“, - აცხადებს ნაცვლიშვილი.
ცნობისთვის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა(ეუთო/ოდირი) საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე, წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.შუალედურ ანგარიშში საუბარია 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ზოგად პოლიტიკურ კონტექსტზე, სამართლებრივ ჩარჩოსა და საარჩევნო სისტემაზე. ამასთან ანგარიშში მიმოხილულია საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობა და საარჩევნო ტექნოლოგიები. ანგარიშში ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო პერიოდი საკმაოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. რაც შეეხება საარჩევნო კამპანიასა და პოლიტიკოსების გზავნილებს, ანგარიშის თანახმად, საარჩევნო კამპანიის გზავნილები, რომლებიც ამ ეტაპამდე მოექცა დაკვირვების არეალში, ძირითადად უკიდურესად პოლარიზებული რიტორიკით არის გაჯერებული.
0
0