11/11/2024
12:16
პოლიტიკა
საქართველოში ვიმყოფებით როგორც ხალხის მეგობრები, არ ვიმყოფებით აქ როგორც მტრები, არ ვიმყოფებით, რომ ბიძგი მივცეთ რეჟიმის ცვლილებას, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ ვართ მაღალი რანგის პარლამენტარები, რვა სხვადასხვა ევროპული ქვეყნებიდან, სხვადასხვა პოლიტიკური ოჯახიდან. ჩვენ ვიმყოფებით აქ საქართველოს მოსახლეობის ძალზე დიდი ნაწილისთვის სოლიდარობის გამოსახატავაd, ვინც მიისწრაფვის ევროკავშირის წევრობისკენ და სწამს ღირებულებების. ჩვენ ვიმყოფებით აქ, რადგან ძალზე შეშფოთებული ვართ უკანასკნელი არჩევნების თვალსაზრისით და საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული პოლიტიკით. ბოლო დროის არჩევნები საქართველოში არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე ხმის მიცემის საიდუმლოება არ იყო უზრუნველყოფილი, მიმდინარეობდა ამომრჩეველთა მოსყიდვა, დაშინება. მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა ძირი გამოუთხარეს დემოკრატიას, რამაც დიდი კითხვები დასვა არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, რომელიც დაამტკიცა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ და საქართველოს მასმედიის განცხადებებმა“, – განაცხადა მიხაელ როთმა.
ამასთან, როგორც ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, მხარს უჭერს ემანუელ მაკრონის, დონალდ ტუსკისა და ოლაფ შოლცის მოწოდებას, რომ მოხდეს საერთაშორისო დამოუკიდებელი გამოძიება. როთის თქმით, ეს არის ერთადერთი შანსი, აღდგეს ნდობა.
„გამოძიებაში უნდა ჩაერიონ ევროპული საბჭო, ეუთო და სხვა ორგანიზაციები. ეუთო/ოდირის მანდატი არ გახლავთ ის, თქვენ გითხრათ, რომ არჩევნები არ იყო თავისუფალი ან სამართლიანი. ეს ჩვენი მოვალეობაა, მაგრამ თუ გსურთ, შემიძლია, მოგახსენოთ შეშფოთების ყველა მომენტის შესახებ. ვიდრე ნათელი არ მოეფინება, ჩვენ მოვითხოვთ ინდივიდუალურ სანქციებს მათ მიმართ, ვინც პასუხს აგებს ამომრჩეველთა მანიპულაციასა და ამომრჩეველთა დაშინებაზე. დემოკრატია და ანგარიშვალდებულება ხელიხელჩაკიდებული უნდა მიდიოდეს და ის, ვინც ძირს უთხრის ამ პრინციპებს, მან ფასი უნდა გადაიხადოს.
ჩვენ უნდა განვიხილოთ ყველა ინსტრუმენტი, ასევე უვიზო რეჟიმის შეწყვეტაზე, რაც არის ყველაზე დიდი მიღწევა არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ ჩვენთვისაც, მაგრამ საბოლოოდ ეს გახლავთ სერიოზული ვითარება. ჩვენ ყველა დოკუმენტი უნდა დავდოთ მაგიდაზე, რაც გაგვაჩნია. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით. ანტიევროპული ტრაექტორია თუ გაგრძელდება და არ მოხდება მაგალითად, რუსული აგენტების კანონის გაუქმება, გაგრძელდება ევროკავშირის პრინციპების ძირის გამოთხრა, საქართველოს პროგრესი ევროკავშირის მიმართულებით შეჩერებული დარჩება. საქართველოს პოლიტიკა შეუსაბამოა ევროკავშირის წევრობასთან. თუ თქვენი მთავრობა გეუბნებათ, რომ ერთი მხრივ, ხდება წნეხი სექსუალურ უმცირესობასა და მეორე მხრივ, მთავრობა აცხადებს, რომ მიისწრაფვის ევროკავშირისკენ, ეს არ არის მართალი. აქ ვიმყოფებით, რომ დავიწყოთ გულახდილი და კონსტრუქციული დიალოგი არა მხოლოდ პრეზიდენტთან, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო სექტორთან, ოპოზიციასთან. სამწუხაროდ, მმართველ პარტიას და მთავრობას სურვილი არ ჰქონდა ჩვენი მიღების. ეს არის გულდასაწყვეტი, რადგან დიალოგი მნიშვნელოვანია.
ჰკითხეთ მმართველ პარტიას, რატომ არ ჰქონდა ჩვენთან შეხვედრის სურვილი. აქ ვიმყოფებით როგორც საქართველოს ხალხის მეგობრები. წინააღმდეგობრივი მომენტები პოლიტიკაში, ნორმალურია ცოცხალი დემოკრატიის პირობებში. ჩვენ აქ ვიმყოფებით როგორც მეგობრები, ვთანხმდებით ბევრ საკითხზე, მაგრამ ზოგჯერ უთანხმოებაც არსებობს. მე არ მესმის, მმართველი პარტიიდან ზოგიერთი წარმომადგენელი რატომ გვეძახის მტრებს. ჩვენ მტრები არ ვართ, ვართ მეგობრები. მე უკვე გამოვხატე ჩემი სერიოზული ეჭვი არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. საკმაოდ ნათელია, რომ ეჭვები გახლავთ ისეთი სერიოზული, რომ ჩვენ მოვითხოვთ უცხოურ დამოუკიდებელ გამოძიებას. ეს არის ერთადერთი შანსი, აღდგეს ნდობა. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის წინაპირობა ყველაფრისთვის. რასაც ველოდებით ჩვენ მმართველი პარტიიდან, გახლავთ ის, რასაც ელოდება ევროკავშირი საქართველოსგან – მოხდეს გაწვევა არა მხოლოდ რუსული აგენტების და ანტილგბტ კანონების, არამედ „ოფშორების შესახებ“ კანონის და ჩატარდეს დამოუკიდებელი გამოძიება. ეს არის ნათელი მოლოდინი ჩვენი და ევროკავშირის მრავალი ლიდერის მხრიდან“, – აღნიშნა მიხაელ როთმა.
ამასთან, როგორც მან განაცხადა, გაფართოება არის ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული ინსტრუმენტი.
„ჩვენ გაერთიანებული უნდა ვიდგეთ, როდესაც საკითხი ეხება გაფართოებას. არა მხოლოდ მთავრობა თამაშობს მნიშვნელოვან როლს, არამედ პარლამენტებიც თამაშობენ ძალიან მნიშვნელოვან როლს. მაგალითისთვის, ჩემმა მთავრობამ უნდა მოუწოდოს ბუნდესტაგს, თუ დაიწყება გაფართოების მოლაპარაკება. ჩვენ გაგვაჩნია ძლიერი ინსტრუმენტები. ჩვენ ვერ გავაგრძელებთ ამ გზას ფუნდამენტური ცვლილებების გარეშე საქართველოში. მე ვიცი, რომ მმართველი პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი ელოდება, რომ ისე დავიღლებით და გამოვიფიტებით, ისეთი დაკავებული ვიქნებით, რომ ჩვენ მზად ვიქნებით, დავუბრუნდეთ იმ პროცესებს, რომელიც წარსულში იყო. გარწმუნებთ, ჩვენ არ დავუბრუნდებით წარსულის პროცესებს, ჩვენ ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით მოვლენათა განვითარებას თქვენს ქვეყანაში“, – განაცხადა მიხაელ როთმა.
ამასთან, ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი „სალომე ზურაბიშვილი ძალიან გამბედავია ადამიანია“.
„კარგი მომენტია ის, რომ თქვენს პრეზიდენტს არანაირი რეკომენდაცია არ სჭირდება. ის არის ძალიან გამბედავი ქალბატონი და იგი მხარს უჭერს ყველაფერს, რითიც შეიძლება, საქართველო ამაყობდეს. მხარს უჭერს თავისუფლებას, დემოკრატიას, ღირსებას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია“, – განაცხაა მიხაელ როთმა.
მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით [1tv.ge]
0
0