16/10/2024
22:17
არჩევნები 2024
ეუთო/ოდირის შუალედურმა ანგარიშმა დაადასტურა ის, რასაც საზოგადოება ისედაც ხედავს, არამხოლოდ საზოგადოება, ჩვენ, ჩვენი აქტივისტებიც, მოსახლეობა და პარტიის შიგნითაც, ყველა ამას აღნიშნავს და ვატყობ, რომ ოპოზიციიდანაც ამაზე საუბრობენ, რომ არის უჩვეულოდ მშვიდი გარემო, ყველას აქვს შესაძლებლობა, რომ ჩაატაროს საარჩევნო კამპანია, არის ძალადობისგან თავისუფალი გარემო, თუკი არის რამე, არის იზოლირებული ექსცესები და ზუსტად ამას ამბობს ეუთო/ოდირი საკუთარ შუალედურ ანგარიშში, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“.
მისი თქმით, ეუთო/ოდირის ანგარიში იმედგაცრუება იყო ოპოზიციისთვის, რომელიც არეულობისთვის ემზადება, შესაბამისად, ანგარიშის გამოსვლის მეორე დღიდან, დაიწყო საინფორმაციო შტურმი, რათა საერთაშორისო დამკვირვებლებს სასურველი აღქმები ჩამოუყალიბონ.
პაპუაშვილმა, აღნიშნული საინფორმაციო შეტევის მაგალითად „ტვ პირველის“ ეთერში პირადი ინფორმაციის შეგროვებასთან დაკავშირებით გასული სიუჟეტი მოიყვანა, სადაც ბრალდების დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ იყო.
„ჩვენ ვნახეთ, როგორც კი ეს ანგარიში გამოვიდა და გარკვეული იმედგაცრუება იყო ოპოზიციისთვის, რომელიც არეულობისთვის ემზადება სინამდვილეში, მეორე დღიდანვე დაიწყო მასირებული საინფორმაციო შტურმი, იმისთვის, რომ შექმნან საინფორმაციო ხმაური იმ აღქმებისთვის, რომელიც უნდათ, რომ ჩამოუყალიბონ საერთაშორისო დამკვირვებლებს. მეორე დღესვე, „ტვ პირველის“ ეთერში, ხაზარაძის კუთვნილ ტელევიზიაში გავიდა სიუჟეტი, თითქოს, პირადობის მოწმობებთან თუ პირადი ინფორმაციის შეგროვებასთან დაკავშირებით, ამას მოჰყვა ოპოზიციურ პარტიებთან დაკავშირებული ენჯეოების განცხადებები, რომლებიც თავის მხრივ, ეყრდნობიან ამ ტელევიზიის რეპორტაჟს, სადაც არც ერთი გვარი, სახელი, ფაქტი, მტკიცებულება - საერთოდ არაფერი დასახელებული არ არის და ვითომ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით არის მოყვანილი“ - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე განცხადებით, საარჩევნო გარემოს მუქ ფერებში დახატვის მცდელობა იყო სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებული ტყუილიც, თითქოს სკოლებში პირადი ინფორმაციის შეგროვება საარჩევნოდ ხდება, რაც, განათლების სამინისტრომ რამდენიმე წუთში ამხილა.
„ამას მოჰყვა პრეზიდენტის სტატუსი, რომელიც იყო აბსოლუტური ტყუილი და რამდენიმე წუთში მოხდა ამის უარყოფა და მხილება განათლების სამინისტროს მხრიდან. როდესაც ამას კადრულობს ადამიანი, რომელსაც პრეზიდენტის თანამდებობა აქვს, რომ ტყუილს ავრცელებს სკოლებთან - ისეთ თემასთან დაკავშირებით, სადაც ჩართულია ბავშვები, სკოლა და ამ მხრივ, დაბნეულობა შეაქვს ბავშვებში და სკოლებში - ეს სცდება ყოველგვარ მორალურ ზღვარსაც კი. ამიტომ, ჩვენ ვხედავთ, რომ არის მცდელობა, რაიმენაირად მუქი ფერებით დახატონ გარემო იმისთვის, რომ იქნებ, რამენაირად აღინიშნოს ეს ანგარიშებში. ამიტომაც მივუძღვენი ამ თემას სპეციალურად ბრიფინგი და ჩვენ ამ დღეებში გვექნება ძალიან სწრაფი რეაგირება ყოველ ასეთ მცდელობაზე“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024