17/08/2022
14:32
მსოფლიო
BBC-ს ინფორმაციით, ესტონეთის მთავრობამ გადაწყვიტა, საბჭოთა პერიოდში, ომის თემაზე შექმნილი მონუმენტები აიღოს.
„ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს საზოგადოებაში მტრული განწყობის თავიდან აცილებას, „ძველი ჭრილობების გახსნასა“ და ესტონეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფას რუსული არმიის უკრაინაში შეჭრის შემდეგ,“ - ნათქვამია მთვარობის განცხადებაში.
რუსეთის საზღვართან მდებარე ქალაქ ნარვაში დადგმული საკულტო T-34 ტანკი ესტონეთის ომის მუზეუმში გადაიყვანეს. ნარვა ესტონეთის სიდიდით მესამე ქალაქია, სადაც 60 000 ადამიანი ცხოვრობს და მოსახლეობის 97% რუსულად საუბრობს. ესტონეთში შიშობენ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი განსაკუთრებით ნარვაში იწვევს დაძაბულობას.
„ეს გადაწყვეტილება გვეხმარება, ყურადღება გავამახვილოთ უმნიშვნელოვანეს ამოცანებზე: უზრუნველვყოთ ესტონეთის უსაფრთხოება და ესტონელ ხალხს დავეხმაროთ უკრაინაში ომის შედეგად გამოწვეული კრიზისის გადალახვაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ განაცხადა, რომ ასეთი ძეგლები თავის დროზე რუსული ოკუპაციის განსადიდებლად დადგეს და ესტონეთის საზოგადოებრივ სივრცეში მათი ადგილი არ არის.
ასევე, ნარვაში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მასობრივ საფლავზე ნეიტრალური ნიშანი დამონტაჟდება. მთავრობა აღიარებს, რომ ამ საკითხმა შესაძლოა დაძაბულობა გამოიწვიოს.
ესტონეთი ასევე აუქმებს რუსეთის მოქალაქეებზე გაცემულ 50 000 ვიზას.
ცნობისთვის, ესტონეთმა დამოუკიდებლობა, 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიბრუნა.
გასულ კვირას რუსეთმა ესტონეთის გეგმების გამო აღშფოთება გამოთქვა.
„ომი ისტორიის წინააღმდეგ, მით უფრო, საერთო ისტორიის წინააღმდეგ, და ძეგლების განადგურება მათთვის, ვინც ევროპა ფაშიზმს გადაარჩინეს, რა თქმა უნდა, აღმაშფოთებელია“, - განაცხადა პუტინის სპიკერმა.
0
0