23/11/2024
10:25
მსოფლიო
ესპანეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამინისტრომ ბიუჯეტური ავიაკომპანიები Ryanair-ი, easyJet-ი, Vueling-ი, Norwegian-ი და Volotea, ჯამში, 179 მილიონი ევროთი დააჯარიმა, მათ შორის, დამატებითი ხელბარგის გადატანისთვის გადასახადის დაწესების გამო. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
გავრცელებული ცნობით, სამინისტრომ დაადასტურა ის ჯარიმები, რომლებიც ჯერ კიდევ მაისში გამოცხადდა და უარყო კომპანიების აპელაციები.
სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ავიაკომპანიები არღვევდნენ კლიენტების უფლებებს, როდესაც აწესებდნენ გადასახადს დიდი ზომის ხელბარგზე, თვითმფრინავში ადგილის შერჩევაზე ან ჩასხდომის ბარათის ამობეჭდვაზე, ასევე არ აძლევდნენ მგზავრებს ნაღდი ფულის გადახდის საშუალებას სარეგისტრაციო დახლებზე ან ბორტზე საქონლის შეძენის შესაძლებლობას. Ryanair-ი დაჯარიმდა 108 მილიონი ევროთი, Vueling-ი – 39 მილიონი ევროთი, easyJet-ი – 29 მილიონი ევროთი, Norwegian-ი – 1,6 მილიონი ევროთი და Volotea – 1,2 მილიონი ევროთი.
ესპანეთის ავიაკომპანიების დარგობრივი ჯგუფი ამ ჯარიმების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს. ჯგუფის წარმომადგენლებმა სამინისტროს გადაწყვეტილება „უაზრობად“ შეაფასეს და განაცხადეს, რომ ის არღვევს თავისუფალი ბაზრის და ევროკავშირის წესებს.
0
0