08/09/2024
12:46
სპორტი
ჩეხეთის ნაკრების კაპიტანი ტომას სოუჩეკი ამბობს, რომ ეროვნული გუნდის ფორმით ჩატარებული 73-ე მატჩი საკუთარ კარიერაში ყველაზე წარუმატებელი იყო – მისი გუნდი ერთა ლიგის ახალი სეზონის სტარტზე საქართველოსთან დიდი ანგარიშით დამარცხდა – 1:4.
„ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ რამდენიმე წინადადება ვთქვათ და ყველა უარყოფითი იქნება. ეს ალბათ ნაკრებში ჩემი ყველაზე ცუდი მატჩი იყო. შედეგი ერთია, მაგრამ თამაში სხვაა. ჩვენ აბსოლუტურად ვერაფერი გავაკეთეთ შეტევაში და ბევრი შეცდომა დავუშვით დაცვაში“, – განაცხადა ჩეხეთის კაპიტანმა და „ვესტ ჰემის“ ნახევარმცველმა მატჩის შემდეგ ČT sport-თან ინტერვიუში.
„ზოგჯერ მქონდა განცდა, რომ სკოლის მოსწავლეებივით ვიქცეოდით. ისეთ კონტრშეტევებს გვიწყობდნენ, გაკვეთილი ჩაგვიტარეს. სწრაფად მიდიოდნენ კარისკენ და გოლები ასე გაიტანეს. მატჩის შემდეგ ჩვენ რაღაც გვქონდა ერთმანეთისთვის სათქმელი და ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, – განაგრძო სოუჩეკმა.
ჩეხები საქართველოს ისტორიაში მეორედ შეხვდნენ. ივნისში, გერმანიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე პირველი თამაში ფრედ 1:1 დასრულდა.
„საქართველოს წინააღმდეგ ისე გვსურდა გვეთამაშა, როგორც ევროზე, იქ უკეთესი გუნდი ვიყავით, მაგრამ ამჯერად მათ თავი საუკეთესო კუთხით გვაჩვენეს და აშკარად გვჯობდნენ. ჩვენ აუცილებლად გვსურს, რომ ქართვეელბთან საშინაო თამაშში რევანში ავიღოთ“, – ამბობს სოუჩეკი.
საქართველოს გარდა, B1 ჯგუფში ჩეხების მეტოქეები უკრაინა და ალბანეთი არიან. ისინი მომავალ კვირას უკრაინას „ედენ პრაღაში“ დაუპირისპირდებიან. ერთა ლიგის მეოთხე გათამაშებაში გუნდები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის იბრძვიან. ტურნირის პლეი ოფში გავა ოთხი საუკეთესო გუნდი, რომელიც კლასიკურ საკვალიფიკაციო ეტაპს ვერ გადალახავს.
„მატჩის შემდეგ გასახდელში მოკლე, მაგრამ შინაარსიანი საუბარი გვქონდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩეხეთის ნაკრებში ასე თამაშის უფლება არ გაგვაჩნია. ერთია შეცდომის დაშვება, მაგრამ სხვა საკითხია პასუხისმგებლობის აღება და გუნდისთვის მაქსიმუმის გაკეთება, რაც ჩვენი მოვალეობაა. ჩვენ ამის შესახებ უკრაინასთან მატჩამდე აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ. მე მაინც მჯერა, რომ გუნდს აქვს საკმარისი ძალები, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდეს. თუმცა, რა თქმა უნდა, არა ასეთი თამაშით, რადგან ასე ჩვენ ერთა ლიგის „ბ“ ჯგუფშიც ვეღარ მოვხდებით“, – თქვა სოუჩეკმა.
0
0