31/01/2022
13:04
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, ტყის მონაკვეთის იჯარით გაცემა აბსოლუტურად ლეგალურად, აუქციონის პირობებში მოხდა და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო, შესაბამისად უსაფუძვლოა, როდესაც ვინმე პრემიერ-მინისტრის, ან სხვა თანამდებობის პირის ოჯახზე საუბრობს.
მისივე თქმით, მოიჯარის მიერ აღებული ვალდებულება წელიწადში 5000 ლარს შეადგენს.
„აბსოლუტურად ლეგალურად შეგიძლიათ მიმართოთ სატყეო სააგენტოს და გარანტიას გაძლევთ, რომ თქვენთვის სასურველი ტყის ობიექტი სათანადო პასუხისმგებლობის ფარგლებში გადმოგეცემათ ასევე საიჯარო ვალდებულებებით. არავინ არავის არაფერი არ აჩუქა, ეს ჩუქება არ არის, ეს არის ვალდებულებები, რომ ტყეს მოუარონ სათანადო პირობებით და ამაში სახელმწიფოს გადაუხადონ თანხა. აპელირება, რომ პრემიერ-მინისტრის ოჯახი, ან ვიღაც არის პრივილეგირებულ მდგომარეობაში, არასწორია, ეს იყო ღია აუქციონი, არავისთვის დამალული, კანონის ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებით გათვალისწინებული საიჯარო ხელშეკრულება. თქვენც შეგიძლიათ იჯარით აიღოთ ტყის უბანი, თუ მზად ხართ, რომ ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებები იკისროთ.
მათ მიერ აღებული ვალდებულება - წელიწადში 5000 ლარი კანონმდებლობით არის განსაზღვრული, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია იმავე გააკეთოს. ეს თანხა კანონმდებლობამ განსაზღვრა და დაფუძნებული იყო სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზაზე. სასოფლო-სამეურნეო მიწები ღირს ეს ფასი საკუთრებაში რომ გაქვს და შეგიძლია ეკონომიკური სარგებელი მიიღო, ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ იჯარის გადასახადზე, რომელსაც ვალდებულებები მოჰყვება. ჩვენ ასზე მეტი განაცხადი გვაქვს ასეთივე საიჯარო ხელშეკრულების, ბევრ ადამიანს აქვს კონკრეტული მიზნები ტყის მოვლა-შენარჩუნების, შეიძლება ეს იყოს მის საცხოვრებელ ობიექტთან ახლოს და მის ინტერესში იყოს, რომ ტყე კარგად იყოს მოვლილი. ჩვენი პასუხისმგებლობაა 3 მილიონზე მეტი ჰექტრის მოვლა, ამიტომ კერძო სექტორის ჩართვის გარეშე გაგვიჭირდება, რომ ტყეში ის ხარისხობრივი მდგომარეობა გვქონდეს, როგორიც გვინდა“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
0
0