16/02/2024
15:28
ეკონომიკა
„ვირის რძეზე მოთხოვნა გაასმაგებულია“ - ამის შესახებ ვირის რძის მწარმოებელი ფერმა „სახე-დარის“ დამფუძნებელმა, თემურ ლომიძემ განაცხადა. ფერმერი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ამ პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდას ცნობიერების ამაღლებას უკავშირებს.
თემურ ლომიძე: „7 წელია ამ საქმით ვარ დაკავებული და ამ დროის განმავლობაში ვირის რძეს ერთი უკუჩვენებაც კი არ ჰქონია. წელიწადში 800 ლიტრს ვაწარმოებ, თუმცა ყველაფერი უნდა გავაკეთო, რომ 1200 ლიტრზე მაინც ავიდე“.
„ვირის რძეზე მოთხოვნა გაასმაგებულია“ - რა ღირს ერთი ლიტრი რძე
ფერმერის თქმით, 2 წელია 1 ლიტრი ვირის რძის ფასი 70 ლარია, თუმცა გაძვირებას არ გამორიცხავს.
„ვფიქრობ, 10 ლარით გავაძვირებთ, რადგან ხარჯი ძალიან დიდი მაქვს. ფართიც კი არ არის ჩემი, ამაშიც ფულს ვიხდი ყოველთვიურად. პლუს ამას ვირის საკვები, რომელიც ასევე გაძვირდა და ჩემთან დასაქმებული ადამიანები. მართალია, ჩემი და ჩემი მეუღლის გარდა, სულ 4 ადამიანი მყავს დასაქმებული, მაგრამ ესეც საკმაოდ ხარჯთან არის დაკავშირებული“, - აცხადებს თემურ ლომიძე.
მისი თქმით, გაზრდილი მოთხოვნის გამო წელს შეწყვიტა რძისგან სხვადასხვა პროდუქციის წარმოებაც: ყველის, საპნის, ლიქიორის, შოკოლადის, ტუჩსაცხისა და ა.შ. „ეს პროდუქცია საკმაოდ ნელა გადის რეალიზაციაში და ბიზნესი ბრუნვაში ვეღარ მისწრებს. ამასთან, აქ არის მეორე პრობლემაც, პროდუქცია ნელა იყიდება, მაგრამ აქვს საკმაოდ მაღალი ფასი და მოკლე ვადა, რაც კიდევ ერთი დიდი პრობლემაა. რძისგან წარმოებული პროდუქცია კი არა, ფხვნილის გაყიდვაც შევაჩერე“, - აცხადებს ლომიძე.
ცნობისათვის, „სახე-დარში“ ამჟამად 100 ვირია.
რაც შეეხება ექსპორტს, ვირის რძეზე მოთხოვნა უცხოეთიდანაც არის, მაგრამ თემურ ლომიძის თქმით, ადგილობრივ ბაზარზეც კი ვერ ახერხებს მოთხოვნის დაკმაყოფილებას, თუმცა შემოთავაზებები ჩინეთიდან და ამერიკიდანაც ყოფილა. „ამას სჭირდება შესაბამისი მხარდაჭერა, არც ტექნოლოგიური პირობები და არც ის გარემოება, რომ მარტივად შევძლო ვირების გამრავლება, მე არ მაქვს, ამიტომ გავჩერდი“, - აცხადებს თემურ ლომიძე.
0
0