07/02/2022
15:11
პოლიტიკა
მისი თქმით, უფლებამოსილების შეწყვეტას სათავეში ბიძინა ივანიშვილი უდგას, რადგან მისი პარტიაა ერთადერთი, რომელიც ივანიშვილის ჰარმონიას არღვევს.
„ჩემთვის უფლებამოსილების შეწყვეტას კომიტეტმა კი არ დაუჭირა მხარი, არამედ ბიძინა ივანიშვილმა. მისი იდეაფიქსია, რომ ლეიბორისტული პარტია პოლიტიკურ ასპარეზზე არ არსებობდეს. რადგანაც ჩვენ ვარღვევთ იდეალურ ჰარმონიას ქვეყნის უსამართლო სისტემაში, რომელიც ქვეყანაში დაამყარა ოლიგარქმა, სადაც ბატონობს ფული, ბატონობს ძალა, ბატონობს რეპრესია. ბატონობს მოგება მოსახლეობის 3%-სთვის, ხოლო 97%-ს არაფერი არ უნდა გააჩნდეს, გარდა ქვეყნიდან გაქცევისა, უმუშევრობის, უპენსიობის... ერთადერთი ამ წყობაში დისონანსი შეგვაქვს ჩვენ, ლეიბორისტულ პარტიას. ვერავინ ვერ წამოგვაძახებს, რომ ფული მოვიპარეთ, მსხვილი ოლიგარქია გვაფინანსებს, სპეცსამსახურის მიერ შექმნილი პარტია ვართ, როგორც ელისაშვილი და იოსელიანი, რომ დარბიან, ვითომ ოპოზიციონერები“, - განაცხადა ნათელაშვილმა.
შალვა ნათელაშვილმა, ასევე, აღნიშნა, რომ პარლამენტში ხელფასს არ იღებს.
„ერთადერთი დეპუტატი ვარ მსოფლიოში, რომელსაც არცერთი ცენტი არ ამიღია, მეტი რით დაგიმტკიცოთ, რომ მე აქ ქვეყნისგან არაფერი არ მინდა, გარდა ამ ქვეყნის და ამ ხალხის ბედნიერებისა.
სუსის ორ აგენტს, ელისაშვილს და იოსელიანს რომ დაუთვლია, თითქოს 5 მილიონი წავიღე სახლში, ეს არის ბოლო 30 წელში დამლაგებლებისთვის გაცემული ხელფასი, წყალზე, შუქზე, გაზზე ოფისისთვის გადახდილი გადასახადი, ყარაულის ხელფასი, ეს არის აპარატის ხელფასი და დაწერეს, რომ ყველაფერი მე წავიღე. ვერაფერი გამოიგონეს გარდა ხელფასის და სახლის, სადაც გავიზარდე. ჩემი ხელფასი პარლამენტის აპარატში აქვთ და ჭამენ. 80 მილიონის ჯიპები იყიდეს, დაასეირნებენ სიდედრებს, სიმამრებს, მეგობრებს“, - განაცხადა ნათელაშვილმა.
შალვა ნათელაშვილის თქმით, მან ჩაატარა გამოკითხვა ხალხში, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. როგორც ნათელაშვილმა აღნიშნა, ახლა წყდებოდა მისი პარლამენტში შესვლის საკითხი და 98% ითხოვდა მის პარლამენტში შესვლას.
„პარლამენტში ვარ მე არჩევნების შემდეგ. ახლა მთავარია სტატუსი. პარლამენტში რომ სხედან ზოგიერთი გვამები სამთავრობო ჯგუფებიდან, ქვეყნის ნგრევის მეტს არაფერს აკეთებენ. ახლა წყდებოდა საკითხი, რომ შიგნიდან გვებრძოლა, აი, ამის ეშინიათ. 98% ითხოვს ჩვენს პარლამენტში ყოფნას, რადგან ერთადერთი პარტია ჩვენ ვართ, ვისაც შეუძლია ამ ოლიგარქიული სისტემის მიერ მიტაცებული ქონება ისევ განფინოს ხალხში.
ნათელაშვილმა, ასევე, უპასუხა წამყვანის კითხვას, რომ ის არასაპატიო მიზეზით აცდენდა პარლამენტს.
„არასაპატიო მიზეზით გაცდენა არის სისულელე. პოლიტიკური ბოიკოტი არის საპატიო ყველგან. ამათ თუ რაღაც ცალკე პლანეტა შექმნეს არ გამიკვირდება... ივანიშვილის პოლიტიკურ საფლავზე მე უნდა დავდო ქვა... ჩემი სურვილია, ივანიშვილი გავაკვეხო გლდანის ციხეში“, - განაცხადა ნათელაშვილმა.
0
0