03/10/2022
19:12
ეკონომიკა
ყალბი ფულის ნიშნების გავრცელების შეზღუდვის მიზნით, ეროვნულმა ბანკმა საქართველოს ტერიტორიაზე ყალბი ფულის ნიშნების გამოვლენის ფაქტებზე რეაგირების შესაბამისი წესი დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დოკუმენტით განსაზღვრულია, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ნაღდი ფულის ოპერაციების განმახორციელებელმა პირებმა ყალბი ფულადი ნიშნების გამოვლენისას, როგორ უნდა უზრუნველყონ ყალბი ან საეჭვო ფულის ნიშნების მიმოქცევიდან დაუყოვნებლივი ამოღება და სათანადო ორგანოების დროულად ინფორმირების გზით, შეზღუდონ ყალბი ფულის ნიშნების გავრცელება ქვეყნის ტერიტორიაზე.
აღსანიშნავია, რომ გამოვლენილი ყალბი ფული არ ანაზღაურდება და არ ექვემდებარება დაბრუნებას.
რეგულაცია ვრცელდება როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაზე და მისი შესრულება სავალდებულოა როგორც საფინანსო სექტორის წარმომადგენელებისთვის, ისე სავაჭრო, პროდუქციის მიმწოდებელი და მომსახურების გამწევი სხვა პირებისთვის, ნაღდი ფულით ანგარიშსწორების, დახურდავების, გამოცვლის, სხვა ვალუტაზე გაცვლის ან შემოწმებისას. აღნიშნული პირები ვალდებული არიან უზრუნველყონ ნაღდი ფულის მიღება-გაცემის ოპერაციებზე მხოლოდ ფულის ნიშნების დამცავი მექანიზმების მცოდნე პირთა დაშვება და უზრუნველყონ, ამ მიმართულებით, მათი პერიოდული გადამზადება.
საფინანსო სექტორის წარმომადგენელი, ყალბი ან საეჭვო ფულის ნიშნის გამოვლენის შემთხვევაში, ვალდებულია წარმომდგენს, ყალბი ან საეჭვო ფულის ნიშნის კატეგორიის სტატუსით, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, შემდგომი ექსპერტიზის მიზნით, ჩამოართვას ისეთი ფულის ნიშანი, რომლის ნამდვილობისა და გადასახდელად ვარგისობის დადგენა ვერ ხერხდება ადგილზე ან არსებობს ეჭვი მისი სიყალბის თაობაზე.
ასევე, უნდა შეადგინოს ცნობის სამი ეგზემპლარი, რომელთაგან ერთი, გამოვლენილ საეჭვო ფულის ნიშანთან ერთად - გამოვლენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, უნდა გაუგზავნოს ეროვნულ ბანკს შემდგომი ექსპერტიზა - რეაგირებისათვის, მეორე უნდა გადასცეს წარმომდგენს, ხოლო მესამე პირი დაიტოვოს თავისთან.
რაც შეეხება მომსახურების გამწევ ნებისმიერ სხვა პირს, ყალბი ან საეჭვო ფულის ნიშნის გამოვლენის შემთხვევაში, ისინი ვალდებულნი არიან ანგარიშსწორების პროცესში წარმომდგენს განუმარტონ, რომ ფულის ნიშანი შესაძლებელია იყოს ყალბი და სათანადო რეაგირების მიზნით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112 - ის საშუალებით გამოიძახოს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, რომელიც, თავის მხრივ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მოახდენს რეაგირებას.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024