02/03/2024
20:52
კონფლიქტები
ენგურის ხიდის ოკუპირებულ მხარეს - გალის რაიონში ე.წ. Duty Free გაიხსნა. ამის შესახებ SPNEWS-ს ადგილობრივებმა აცნობეს.
გალელების ინფორმაციით, ენგურის ხიდთან უკვე მუშაობს ე.წ. Duty Free, სადაც შესვლის შესაძლებლობა მხოლოდ ოკუპირებული ნაწილიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მიმართულებით მომავალ მგზავრებს აქვთ.
„იქ იყიდება სიგარეტი, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები, ტკბილეული. ამ ობიექტზე საკმაოდ ბევრი გალელია დასაქმებული“, - აცნობეს SPNEWS-ს გალის რაიონიდან.
ადგილობრივებისვე ცნობით, ამ ეტაპზე არ არის დასრულებული ე.წ. სატრანზიტო გზის ფუნქციონირებისთვის გამიზნული ადმინისტრაციული შენობა და ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს.
„ენგურის ხიდიდან გადმოსული სატვირთოები ცალკე გზით შევლენ და იქ მოხდება მათი მომსახურება“, - აღნიშნავს SPNEWS-ის რესპონდენტი.
მისივე ინფორმაციით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალის შეხვედრებისთვის განკუთვნილი სპეციალური ზონაც ამავე ტერიტორიაზე იქნება.
„ეს ზონა ჯერ არ არის დასრულებული, თუმცა, როგორც ვიცით, შეხვედრებისთვის სპეციალური ადგილიც ამ ტერიტორიაზე იქნება“, - აცნობეს SPNEWS-ს.
ადგილობრისვე ცნობით, ე.წ. Duty Free-სგან განსხვავებით, სამშენებლო სამუშაოებზე არა ადგილობრივები, არამედ უმეტესად, რუსეთიდან ჩაყვანილი მუშახელია დასაქმებული.
„მთელი ამ სამუშაოების შესახებ ინფორმაცია რატომღაც, ფაქტობრივდ არ ვრცელდება. ფოტოს გადაღებასაც კი ყველა თავს არიდებს, ყველგან ვიდეომეთვალყურეობაა და ერთი ფოტოც კი შესაძლოა, შემოწმების მიზეზი გახდეს. ამდენად პრობლემას ყველა მაქსიმალურად არიდებს თავს“, - აცხადებს SPNEWS-ს რესპონდენტი.
ინფორმაცია ენგურის ხიდის ოკუპირებულ მხარეს ეკონომიკური ობიექტის მშენებლობის შესახებ გასული წლის ნოემბერში გავრცელდა. მალევე, ოკუპირებული გალის რაიონის დე ფაქტო გამგებელმა კონსტანტინ ფილიამ განაცხადა, რომ ენგურის ხიდთან ახლოს აფხაზური მხარეს ამზადებს სპეციალურ ზონას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალის შეხვედრებისთვის, რომლებიც 2018 წლის გაზაფხულიდან აღარ გამართულა.
0
0
ნიკა გვარამია საზღვარგარეთ გაემგზავრა
25/11/2024