04/10/2024
12:00
საზოგადოება
არსებობს თუ არა მსოფლიოში “მარბურგის” გავრცელების საფრთხე? მომაკვდინებელი ვირუსის, შესახებ ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც ინფექციონისტი ამბობს, ამ ვირუსის სწრაფად გავრცელების საფრთხე ნამდვილად არ არსებობს. გოგინავამ აღნიშნა, რისკი, რომ ის მსოფლიოში გავრცელდეს, პრაქტიკულად 0-ის ტოლია.
"ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით რომ შევხედოთ, „მარბურგის" ვირუსის გავრცელების რისკი ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მხოლოდ მათთვის არის საყურადღებო, ვისაც აფრიკაში მოგზაურობის ისტორია აქვს. სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, როგორიც არის ტემპერატურის მატება, სახსრების ტკივილი, კონიუქტივიტი , სისხლჩაქცევები, ასეთ დროს აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს, რომელიც სწორ დანიშნულებასა და რეკომენდაციას მოგვცემს - აღნიშნა მან.
ეს არის ვირუსული ინფექცია, რომელიც განსაკუთრებით იწვევს საშიშ დაავადებას და ეს არის ჰემორაგიული ცხელება. ძირითადად ამ ვირუსის ენდემური კერა გახლავთ აფრიკის კონტინენტი, მისი ცენტრალური და დასავლეთ-აღმოსავლეთის ქვეყნები, მაგალითად, მათ შორის უგანდა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და ა.შ. ვირუსის აღმოჩენა მოხდა 60-იან წლებში, სწორედ გერმანიაში იქნა იდენტიფიცირებული ეს ვირუსის, ქალაქ მარბურგში, სახელიც აქედან მომდინარეობს. მას შემდეგ აფრიკის კონტინენტის გარეთ, ფაქტობრივად, არ დაფიქსირებულა, გარდა ერთეული შემთხვევებისა.
ზოგადად, გავრცელებას რაც შეეხება, ის ვრცელდება მაგალითად ღამურების გარკვეული სახეობით, ასევე შესაძლებელია დაინფიცირება მოხდეს ავადმყოფ ადამიანთან კონტაქტის დროს. თუმცა ეს კონტაქტი არ გულისხმობს ერთჯერად, დისტანციურ კონტაქტს, იმიტომ რომ ადვილად გავრცელებადი არარის, როგორც კოვიდი ან წითელა. თუ ადამიანს ეკიპირების გარეშე აქვს კონტაქტი პაციენტთან მაშინ შესაძლოა მოხდეს გავრცელება.
ჰემორაგიულ ცხელებას ახასიათებს სისხლჩაქცევები კანზე, ლორწოვანზე. თუ ეს სისხლის შემცველი წვეთები მოხვდება შემდეგ ადამიანს თვალში ან პირისღრუში, მაშინ ადვილად გადაგვედება. მნიშვნელოვანია ეკიპირების გამოყენება , როგორიც არის პირბადე, ხელთათმანი და სპეციალური სათვალე.
ამჟამინდელი შემთხვევა კი, რაც გერმანიაში დაფიქსირდა, ისტორიულად დაკავშირებულია იმასთან, რომ ერთ-ერთ ინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა აფრიკაში დაინფიცირებულთან, კერძოდ , რუანდაში", - აღნიშნა ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ.
0
0
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი გადაიდო
16/11/2024