18/11/2024
12:46
მსოფლიო
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა არ გამორიცხა, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართოს.
ფრანგული მედიის ცნობით, ამის შესახებ მაკრონმა ბუენოს-აირესიდან გამგზავრებამდე განაცხადა.
მაკრონის განცხადებით, მას „არასდროს გამოურიცხავს“ პუტინთან მოლაპარაკებების განახლება. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ამას გააკეთებს მაშინ, „როდესაც კონტექსტი და პირობები შესაფერისი იქნება“.
უკრაინაზე ბოლოს განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებთან დაკავშირებით, მაკრონმა აღნიშნა, რომ პუტინს „არ სურს მშვიდობა“ და „არ არის მზად მოლაპარაკებებისთვის“.
„ჩვენ უნდა შევასრულოთ ჩვენი ვალდებულებები უკრაინელების წინაშე, სხვა სიტყვებით, მივცეთ მათ ამ ომის წარმოების საშუალება, იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდებით“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის მიერ პუტინთან სატელეფონო საუბართან დაკავშირებით მაკრონმა განაცხადა: „ვფიქრობ, ყველა ლიდერი აბსოლუტურად თავისუფალია თავის ინიციატივებში“.
ცნობისთვის, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. გერმანიის მთავრობაში განაცხადეს, რომ ოლაფ შოლცმა ვლადიმერ პუტინს მოუწოდა, უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა გამოავლინოს.
0
0