16/06/2023
13:54
კონფლიქტები
გაეროში ლტოლვილების პრობლემის განხილვაში მონაწილეობა უნდა მიიღონ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების წარმომადგენლებმაც. |ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
დეფაქტო უწყებამ კომენტარი გააკეთა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ რეზოლუციის მიღებაზე, რომელიც აღიარებს ყველა ლტოლვილისა და იძულებით გადაადგილებული პირის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დაბრუნების უფლებას.
წელს დოკუმენტს მხარი 100-მა ქვეყანამ დაუჭირა - ეს საქართველოსთვის ყველაზე დიდი მხარდაჭერაა 2008 წლიდან, როდესაც რეზოლუცია პირველად წარედგინა გენერალურ ასამბლეას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რეზოლუცია უკვე გახდა „გლობალური ინიციატივა“. მის მხარდაჭერას თბილისში უწოდეს "ქართული დიპლომატიის დიდი წარმატება".
ცხინვალში დოკუმენტის მიღება „წლიურ რიტუალად“ და „პოლიტიკური ფარსის აქტად“ მიიჩნევა.
„სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ საქართველოს მიერ ლტოლვილთა პრობლემის პოლიტიზირება ძირს უთხრის ამ საკითხზე მუშაობას ჟენევის დისკუსიების ფარგლებში. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დაჟინებით აცხადებენ, რომ თავიანთი უფლებაა მონაწილეობა მიიღონ ამ პრობლემის განხილვაში გაეროს კედლებში. ვიდრე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ზურგს უკან დევნილთა პრობლემის ირგვლივ პოლიტიკური თამაშები გაგრძელდება, ჟენევის დისკუსიების ფარგლებში ამ საკითხის განხილვას აზრი არ ექნება“, - ნათქვამია განცხადებაში.
0
0