11/02/2022
18:08
სამართალი
როგორც უწყებაში აცხადებენ, ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით ცალკეული სუბიექტების მხრიდან კვლავ გრძელდება მიზანმიმართული, სიცრუეზე აგებული კამპანია, რაც მიზნად ისახავს სუს-ისა და მისი ხელმძღვანელის დისკრედიტაციას.
„ე.წ. ქოლცენტრების თაობაზე მასმედიით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა წარსულში გაავრცელა ინფორმაცია უწყების ჩართულობის შესახებ ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, თუმცა ცხადია, რომ ცალკეული სუბიექტების მხრიდან კვლავ გრძელდება მიზანმიმართული, სიცრუეზე აგებული კამპანია, რაც მიზნად ისახავს ზოგადად ინსტიტუტისა და მისი ხელმძღვანელის დისკრედიტაციას.
დამატებით გვსურს გაცნობოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი და კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ერთ-ერთი მთავარი უწყება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საგამოძიებო სტრუქტურასთან აღნიშნული დანაშაულის გამოსავლენად და ამ მიზნით ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, რიგ შემთხვევებში კი, უფლებამოსილი პირის დავალების საფუძველზე, საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, ატარებს შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს.
რაც შეეხება კითხვას – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უშუალოდ რატომ არ აწარმოებს გამოძიებას ამ კატეგორიის საქმეებზე, განვმარტავთ, რომ ე.წ. ქოლცენტრების საქმიანობა შეიცავს საქართველოს სსკ-ის 180-ე (თაღლითობა), 194-ე (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) და 218-ე (გადასახადებისთვის თავის არიდება) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, რაც „სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული ქვემდებარეობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანების თანახმად, არ წარმოადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ დანაშაულებს, თუმცა საგამოძიებო დავალების ფარგლებში ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, რისი ნათელი მაგალითიცაა საქართველოს პროკურატურასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით ჩატარებული ერთობლივი გამოძიება, რომლის ფარგლებშიც არაერთი პირი მიეცა პასუხისგებაში.
პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები მათ მიერ გავრცელებულ სუბიექტურ ინფორმაციებში ცდილობენ წარმოაჩინონ ვითარება, ვითომდა სახელმწიფოს ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით აქვს ლოიალური მიდგომა და არ ტარდება სათანადო ქმედებები დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ. საპირისპიროზე მეტყველებს სამართლდამცავი ორგანოების საქმიანობის ანალიზი, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოებას არაერთხელ მიეწოდა ინფორმაცია მასმედიის საშუალებით. კერძოდ, მოსახლეობისათვის ცნობილია, რომ საქართველოს პროკურატურა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ეფექტიანად აწარმოებენ გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეებზე თაღლითობის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და გადასახადებისათვის თავის არიდების ფაქტებზე, რომლებზედაც პასუხისგებაში მიცემულია რამდენიმე ათეული პირი.
ამდენად, ნათელია, რომ სუს-ი, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სამართალდამცავ ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობით, აქტიურად არის ჩართული დანაშაულის ჩამდენი პირების დადგენის, გამოვლენისა და მათ მიმართ გასატარებელი სათანადო ღონისძიებების განხორციელებაში, როგორც ოპერატიული უზრუნველყოფის, ასევე საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებშიც, რასაც გააგრძელებს მომავალშიც. თუმცა სუბიექტური პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახევი განცხადებებით, ცალკეული პირები ცდილობენ დააკნინონ სახელმწიფო უწყების როლი და საზოგადოებაში შექმნან უწყებისა და მის ხელმძღვანელის მადისკრედიტირებელი განცდა.
სწორედ ამის გამო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მიმართავს ყველა სამართლებრივ საშუალებას, რათა ერთხელ და სამუდამოდ პასუხი გაეცეს ყველა კითხვას და საზოგადოებას მიეწოდოს რეალური, შეულამაზებელი და იურიდიულ ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია უწყების საქმიანობის შესახებ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024