12/12/2022
17:41
სამხედრო
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი თავდაცვის კოდექსში ცვლილებებს დადებითად აფასებს.
მისი თქმით, ყველამ უდნა გაიაროს დაწყებითი საბრძოლო მომზადება და მხოლოდ თავდაცვის ძალებში.
„ძლივს, ძლივს, როგორც იქნა, მთავრობამ გაიღვიძა. თავდაცვის კოდექსი მუშავდებოდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, უშუალოდ ვიყავი ჩართული, როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი.
კარგია, რომ ბოლოს და ბოლოს მიხვდნენ, რომ ეს აუცილებელი, სწორია. სტუდენტები არ უნდა მიდიოდნენ ყარაულებად არც სახელმწიფო დაცვის პოლიციაში და მით უმეტეს სასჯელაღსრულებაში. ყველა ახალგაზრდამ უნდა გაიაროს დაწყებითი საბრძოლო მომზადების პროგრამა.
ყველამ უნდა გაიაროს ათეულის, ოცეულის, ასეულის და ბატალიონის დონეზე მომზადება. ისეთ რეგიონში და ისეთ გარემოში ვართ, იარაღის ხმარება ყველამ უნდა იცოდეს. საბრძოლო მომზადება უნდა გაიაროს მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვის ძალებში, არანაირი გამონაკლისები რელიგიური ნიშნით.
„გირჩის“ ის რაღაც მავნებლობა იყო და ეს მავნებლობა უნდა დასრულდეს. ჩვენ ისეთ რეგიონში ვცხოვრობთ, ამ ქვეყანაში ყველამ უნდა იცოდეს იარაღის ხმარება. მიმაჩნია, ამ ეტაპზე უნდა იყვნენ ბიჭები, მაგრამ თანდათან ქალებმაც გაიარონ საბრძოლო მომზადება, როგორც ფინეთში, ისრაელშია და როგორც ყველა მსგავსი გამოწვევების მქონე ქვეყანაშია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
როგორც ცნობილია, თავდაცვის კოდექსში ცვლილებები დღეს პრემიერ-მინისტრმა დააანონსა. ცვლილებების მიხედვით, საქართველოს ყველა მოქალაქე სავალდებულო-სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლის. ამასთან, თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის განცახდებით, ახალი თავდაცვის კოდექსის მიხედვით აღარ იქნება დატოვებული სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების არსებული საშუალებები.
0
0