17/05/2024
21:40
სამართალი
ფემიციდის კიდევ ერთი სასტიკი შემთხვევა საქართველოში - ძმა დას ჯერ მანქანით დაეჯახა, რის შემდეგაც ძირს დაგდებულ და ტრავმირებულ ქალს, დანით, 10-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა. 31 წლის შეხლა ისმაილოვა ადგილზევე გარდაიცვალა. მკვლელობა ქვემო ქართლში, გარდაბანში ქალაქში მოხდა.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი ძმა - ნურუ ისმაილოვი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. 23 წლის ნურუ ისმაილოვის ახლობლები აცხადებენ, რომ მან და, მისი პირადი ცხოვრების მიუღებლობის გამო მოკლა. ადგილობრივები ჰყვებიან იმასაც, რომ და-ძმას კონფლიქტი ხშირად ჰქონდა. ნურუ ისმაილოვს, დამამძიმებელ გარემოებებში, ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის დამტკიცების შემთხვევაში, 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
"საკმაოდ შეძლებული ოჯახიც ჰქონდა. ბოლო პერიოდში სახლიდან წავიდა. ძმა დას ეძებდა, იმუქრებოდა, სადაც ვნახავ, იქ მოვკლავო. ისინიც ერიდებოდნენ, ძმა გოგონას დღეს გადაეყარა ქუჩაში, ჯერ მანქანა დააჯახა, მერე წაქცეულს 4-ჯერ ჩაარტყა დანა. გოგონა ადგილზე გარდაიცვალა... ახლა ერთი პრობლემაა: გოგონას ჩაუტარდა ექსპერტიზა, ბიუროში უთხრეს, მიცვალებული წაიყვანეთო, მაგრამ არავის მიჰყავს - არც გოგოს ქმრის ოჯახს მიჰყავს და არც მშობლების ოჯახს. გოგოს მამა იძახის, ჩემი შვილი ციხეში მიდის და სახლში მოვასვენოო?“ - აცხადებს გარდაცვლილის თანასოფლელი.
0
0