07/11/2024
18:05
პოლიტიკა
„ძლიერი საქართველო“ კამპანიას - „ვითხოვ ახალ არჩევნებს“ იწყებს და საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს ორ სამართლებრივ ინსტრუმენტს, რითაც მათ „არჩევნების მიტაცების მიმართ მიუღებლობის დაფიქსირება“ შეეძლებათ.
უფრო კონკრეტულად, როგორც „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, „ფეისბუქ“ პლატფორმაზე შეიქმნა ჯგუფი, სადაც გაწევრიანება ნებისმიერ მსურველს შეეძლება და სადაც ცესკოს-ს მისამართით განაცხადის ორი ფორმა იქნება ხელმისაწვდომი.
ნაცვლიშვილის თქმით, განცხადების ერთი ფორმით ემიგრანტები ისარგებლებენ, ხოლო მეორით - საქართველოში მცხოვრები მოქალაქეები.
„ვაგრძელებთ ბრძოლას 26 ოქტომბერს მიტაცებული არჩევნების დასაბრუნებლად და ვითხოვთ ახალ არჩევნებს. ამისთვის, გამოვიყენებთ ყველა კანონიერ საშუალებას. დღეს მინდა გაგაცნოთ „ძლიერი საქართველოს“ ახალი ინიციატივა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს თითოეულ თქვენგანს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომ აქტიური როლი შეასრულოთ მიტაცებული არჩევნების მიმართ მკაფიო მიუღებლობის დაფიქსირებაში და აქტიური როლი შეასრულოთ არჩევნების, როგორც ამ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტრუმენტის დაბრუნებაში.
კერძოდ, ეს არის ინიციატივა რომელიც თითოეულ მოქალაქეს მისცემს შესაძლებლობას, ოფიციალური განაცხადით მიმართოს ცესკო-ს და მოითხოვოს იმ ნაბიჯების გადადგმა ცესკო-დან, რომელიც მას ევალება და რომელსაც ის აქამდე, ჯიუტად არ დგამდა ჩვენი მიმართვის საფუძველზე. ეს არის ინიციატივა, რომელიც „ძლიერმა საქართველომ“ შევიმუშავეთ თანამოქალაქეების, მათ შორის ემიგრანტების აქტიური მომართვის საფუძველზე. ეს არის იდეები, რომელიც წამოვიდა მოქალაქეებისგან. ჩვენ დავამუშავეთ ეს საკითხები სამართლებრივად და შევქმენით კონკრეტული ინსტრუმენტები, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უბრუნებს როლს ამ პროცესში და აძლევს ძალას, რომ ჩაერთოს არჩევნების დაბრუნების პროცესში.
მინდა, წარმოგიდგინოთ ჯგუფი, რომელიც „ფეისბუქ“ პლატფორმაზე შეიქმნა. თითოეულ მსურველს შეეძლება ამ ჯგუფში გაწევრიანება, სადაც ყოველდღიურად მოგაწვდით ინფორმაციას. მათ შორის, ეს ორი ინსტრუმენტი განთავსდება ამ ჯგუფში - ეს არის განცხადებების ფორმა, სამართლებრივად დასაბუთებული, საქართველოს კანონმდებლობაზე დაფუძნებით შედგენილი ორი ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებაც შეგეძლებათ.
ერთი არის მომზადებული ემიგრანტებისთვის, რომ ემიგრანტებმა მიმართოთ ცესკო-ს და დაადასტუროთ, რომ არ მოგეცათ შესაძლებლობა, არჩევნებში მონაწილეობა მიგეღოთ. თუმცა, ვინაიდან, არაერთი მტკიცებულების და გავრცელებული ფაქტების საფუძველზე არსებობს გაშიფრული სქემა, რომ სწორედ თქვენი მონაცემები იყო გამოყენებული საქართველოში მრავალჯერადად არჩევნების მოპარვისთვის, მიმართოთ ცესკო-ს და მოითხოვოთ გასაჯაროვდეს ვერიფიკაციის ხელმოწერილ ქვითრებში ხომ არ არის სწორედ თქვენი მონაცემები ბოროტად გამოყენებული. ცესკო ვალდებულია ამაზე გიპასუხოთ და გადადგას შესაბამისი ნაბიჯები.
მეორე ინსტრუმენტი არის მეორე განაცხადის ფორმა, რომლითაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შეუძლია, მიმართოს ცესკო-ს და გავრცელებულ და საჯაროდ ნანახ კადრებზე დაფუძნებით განაცხადოთ, რომ ვინაიდან დაირღვა არჩევნების ფუნდამენტური კონსტიტუციური პრინციპი - ხმის ფარულობა, თქვენი უფლება, როგორც საქართველოს მოქალაქის.შესაბამისად, მოითხოვოთ, რომ ბათილად იქნეს ცნობილი 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები და მოითხოვოთ ხელახალი, სამართლიანი არჩევნები.
ამ ინსტრუმენტებს ჩვენ განვათავსებთ შესაბამის პლატფორმაზე - „დაიცავი შენი ხმა, ვითხოვ ახალ არჩევნებს“. ნებისმიერ თქვენგან შეგიძლიათ შემოუერთდეთ ამ ჯგუფს და ნებისმიერი კითხვა, იდეა, საკითხი, რომელიც ამ კამპანიას დაუკავშირდება, დასვათ ამ ჯგუფის მეშვეობით, მუდმივად ხაზზე ვიქნებით საქართველოს მოქალაქეებთან, მათ შორის ემიგრაციაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებთან. ყველანაირ სამართლებრივ საკითხს ჩვენ მოვაგვარებთ. მთავარია, რომ თქვენ აქტიურად ჩაერთოთ ამ პროცესში. ამ ორი ინსტრუმენტის მეშვეობით დააფიქსიროთ მიუღებლობა არჩევნების მიტაცების მიმართ და ერთად გავაგრძელოთ ახალი არჩევნების მოთხოვნა“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
0
0