07/05/2023
10:13
სპორტი
7-14 მაისს კატარის დედაქალაქ დოჰაში ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება. გუშინ ტურნირის წილისყრა გაიმართა, სადაც ქართველი სპორტსმენებისა და შერეულ გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრების მეტოქეები გამოვლინდნენ.
60 კგ-ში მსოფლიო პირველობაზე 19 წლის გიორგი სარადალაშვილი იასპარეზებს. ქართველი ტურნირზე მეხუთე ნომრად იყო განთესილი. მისი მეტოქე ზამბიელი სიმონ ზულუ იქნება. სარდალაშვილს მეოთხედფინალში გასასვლელად ორი მოწინააღმდეგის დამარცხება მოუწევს, სადაც მისი ერთ-ერთი სავარაუდო მეტოქე ესპანელი ფრანცისკო გარიგოსია.
66 კგ-ში გამოცდილი ვაჟა მარგველაშვილი იჭიდავებს. იგი პირველ წრეში დაისვენებს, მეორე ეტაპზე კი ესტონელ და გერმანელ ძიუდოისტებს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ქართველთან ერთად B ჯგუფში ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი ჰიფუმი აბე გამოდის. მათი დაპირისპირება, შესაძლოა, 1/4-ფინალში ვიხილოთ.
73 კგ-ში საქართველოს ღირსებას ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი დაიცავს. ქართველი ძიუდოისტი ტურნირზე პირველ ნომრადაა განთესილი და მისი პირველი მეტოქე, სავარაუდოდ, იაპონელი სოიჩი ჰაშიმოტო იქნება. ლაშა პირველ წრეში ისვენებს, იაპონელი კი მაროკოელ სპორტსმენს შეხვდება.
81 კგ-ში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი შეჯიბრებაზე პირველ ნომრადაა განთესილი და მეორე წრიდან ჩაერთვება შეჯიბრში. ტატოს მეტოქე მაროკოლი მოუტისა და მოლდოველი ლატისევის წყვილში გამარჯვებული იქნება.
ამ წონაში გამომსვლელი იაპონელი ტაკანორი ნაგასე B ჯგუფში ასპარეზობს და, შესაძლოა, ტატოს 1/2-ფინალში შეხვდეს. გრიგალაშვილის პრინციპული მეტოქე ბელგიელი მატიას კასე კი C ჯგუფში გამოდის.
90 კგ-ში ორი ქართველი ძიუდოისტი შეეცდება მედლის მოპოვებას. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური პირველ წრეში დაისვენებს, მეორე ეტაპზე კი ან ტაჯიკ უსტუპირიონს, ან ახალზელანდიელ ვალისს შეხვდება. იაპონელი სანშირო მურაო A ჯგუფში გამოდის და არ არის გამორიცხული, 1/2-ფინალში ქართულ-იაპონური დაპირისპირება ვიხილოთ.
ტურნირზე გამომსვლელი მეორე ქართველი ლუკა მაისურაძე პირველ ეტაპს გამოტოვებს, მეორე წრეში კი უნგრელ გოზს ან მონღოლ განტულგას შეხვდება. წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში ქართველები ერთმანეთს ფინალამდე არ შეხვდებიან.
100 კგ-შიც ორ ქართველ სპორტსმენს ვიხილავთ. წონის პირველი ნომერი ილია სულამანიძე პირველ წრეში დაისვენებს, მეორეში კი კოცოევს ან მონღოლ ბატჰუიაგს შეხვდება. ქართველის წარმატებული გამოსვლის შემთხვევში 1/2-ფინალში მისი სავარაუდო მეტოქე კანადელები ელნაჰასი ან რეიესი იქნება.
ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი პირველ შეხვედრას ინდოელ ან რუმინელ ძიუდოისტთან გამართავს. ქართველის ჯგუფში ნიდერლანდელი კორელი გამოდის. სულამანიძე და ლიპარტელიანი ფინალამდე ერთმანეთს არ ხვდებიან.
+100 კგ-ში საქართველოს ნაკრებისთვის ოქროს მედლის მოპოვებას გურამ თუშიშვილი შეეცდება. ტურნირზე მისი პირველი მეტოქე უზბეკი ბახტიოროვი იქნება. წარმატების შემთხვევაში კი ქართველი მეორე წრეში, სავარაუდოდ, იაპონელ ტაცურუ საიტოს შეხვდება.
ქალები
57 კგ-ში ეთერ ეთერ ლიპარტელიანი პირველ წრეს გამოტოვებს. მეორე ეტაპზე კი ჩინელ ცაის ან გვინეელ ბანგურას შეხვდება. ლიპარტელიანის ჯგუფში ასპარეზობს ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი კანადელი კრისტა დეგუჩი.
63 კგ-ში ეთერ ასკილაშვილი პირველ წრეში ანგოლელ მუსუნგუის შეხვდება, გამარჯვების შემთხვევაში კი იაპონელ ჰორიკავას დაუპირისპირდება.
+78 კგ-ში სოფიო სომხიშვილი იჭიდავებს. მეორე წრეში ქართველის მეტოქე პოლონელ და ტაივანელ სპორტსმენებს შორის გამარჯვებული იქნება. სომხიშვილის ჯგუფში გამოდის კორეელი ჰაიუნ კიმი.
მსოფლიო ჩემპიონატზე 7-13 მაისს თითო დღეს თითო წონით კატეგორიაში (როგორც კაცებში, ასევე ქალებში) გამოვლინდებიან გამარჯვებულები და მედალოსნები.
14 მაისს კი დოჰაში შერეული გუნდური შეჯიბრება გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას. ჩვენი გუნდი პირველ დაპირისპირებას მონღოლეთის ძლიერ ნაკრებთან გამართავს. გამარჯვების შემთხვევაში კი 1/8-ფინალში ბრაზილიას შეხვდება. საქართველოს ნაკრების ჯგუფში გამოდის იაპონიის ეროვნული გუნდიც, რომლის პირველი მეტოქე კორეა იქნება.
0
0