08/04/2024
11:15
ეკონომიკა
ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის იყოს უზრუნველყოფილი გერმანიისკენ მარტივი გადადგილება დაბალი ფასებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, დაიწყება მუშაობა დიუსელდორფის და ჰამბურგის მიმართულებით დამატებითი პირდაპირი რეისების უზრუნველსაყოფად.
„როგორც მოგეხსენებათ, 18 ივნისიდან საქართველოს საფეხბურთო ნაკრები გამართავს მატჩებს ევროპის ჩემპიონატზე და უკვე ძალიან დიდი მოთხოვნაა ავიაბილეთებზე, რითაც ავიაკომპანიებმა უკვე ისარგებლეს. შესაბამისად, გაიზარდა ფასები თვითმფრინავის ბილეთებზე. მინდა ვთხოვო ეკონომიკის სამინისტროს, რომ დავიწყოთ მუშობა დამატებითი პირდაპირი რეისების უზრუნველსაყოფად დიუსელდორფის და ჰამბურგის მიმართულებით და მნიშვნელოვანია, რომ ბილეთები დაბალი ტარიფით იყოს შეთავაზებული მოქალაქეებისთვის. ეს ყველაფერ მნიშვნელოვანია როგორც გულშემატკივრისთვის, ისე საფეხბურთო ნაკრებისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საფეხბურთო მატჩებზე ქართველი გულშემატკივრის მრავალრიცხოვანი დასწრება უზრუნველვყოთ. მე დარწმუნებული ვარ რომ გუნდს ჯგუფიდან გასვლა შეუძლია და ჩვენ რა წვლილიც შეგვიძლია შევიტანოთ ამაში, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. შესაბამისად ყველაფერი გაკეთდება იმისთვის რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის იყოს უზრუნველყოფილი გერმანიისკენ მარტივი გადადგილება დაბალი ფასებით“, - განაცხადა კობახიძემ.
0
0