10/01/2025
18:35
პოლიტიკა
უფლებადამცველი ბაია პატარაიასა და “ფედერალისტების” ლიდერს, თამარ ჩერგოლეიშვილს შორის დაპირისპირება გრძელდება. პატარაიამ დღეს სოციალურ ქსელში ჩერგოლეიშვილზე ვრცელი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც არაერთ ბრალდებას უყენებს.
პატარაია წერს, რომ ჩერგოლეიშვილი სააკაშვილის კორუფციული ელიტის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო სახე იყო. "კეზერას ანუ თავდაცვის სამინისტროს ვერტალიოტებით დააფრენდა საკუთარ დაქალებს და სტუმრებს და იმდენად უგონოა, თავის პირით ტრაბახობდა და ჰყვებოდა ამას ჩემთანაც და ძალიან ბევრთანაც მერე, როცა ჯერ ნაჩხუბარი არ იყო კეზერასთან.“ - წერს პატარაია.
ამ პოსტს მალევე უპასუხა ჩერგოლეიშვილმა, რომელმაც ცილისწამების გამო პატარაიას წინააღმდეგ სარჩელის შეტანაც არ გამორიცხა:
"ამ უნიჭო, მცოცავ, ცილისმწამებელ ყანის სარეველას, ცილისწამების საქმეს მოვუგებ ყველა სასამართლოში.“ - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
ambebi.ge-თან ინტერვიუში, “ფედერალისტების” ლიდერი ადასტურებს, რომ სარჩელს აუცილებლად შეიტანს:
- აუცილებლად შევიტან საჩივარს ამ ცილისწამებაზე, მშვენიერი საჩუქარი გამიკეთა. აუცილებლად ვუჩივლებ, არა იმიტომ, რომ ბაია პატარაიას სიტყვა რამეს წარმოადგენს, არამედ იმიტომ რომ ბაია პატარაია წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოებას და საუბრობს სამოქალაქო საზოგადოების სახელით. რამდენად შეიძლება ენდო, ამას ვაჩვენებ საზოგადოებას. საკმარისია არ დაეთანხმო, გამოწვევა მისცე ან სხვა ბანაკში აღმოჩნდე, უბრალოდ ცილს გწამებს.
- ძალიან მძიმე ბრალდებებია თქვენი მისამართით, თუნდაც ვერტმფრენის თემა...
- სრული სიგიჟე, აბსოლუტური ტყუილი, ყველაფერი რაც მოჰყვა, არის აბსოლუტური ტყუილი, იმიტომ გავრბივარ სიხარულით სასამართლოში.
- მოულოდნელი იყო თქვენთვის ბაიასგან მსგავსი პოსტი?
- არა, არანაირად არ იყო მოულოდნელი, დიდი ხანია დაპირისპირება მაქვს ენჯეო სივრცესთან, იმიტომ რომ მიმაჩნია კორუმპირებულებად, უპასუხისმგებლოებად, გადამგდებებად და ცილისმწამებლებად, აი, ბაიამაც დაადასტურა.
- ბოლო დროს, სოციალურ სივრცეში ბევრი მხარდამჭერები შემოიკრიბეთ. სხვათა შორის ხშირად გეთანხმებიან ხოლმე როგორც ოპოზიციის მხარდამჭერები, ისე ხელისუფლების. ბაიას გარდა გაკრიტიკებენ სხვებიც, ხომ არ უკავშირებთ ამას პოლიტიკურ შურს?
- მე მაგათ ფსიქოანალიზს ვერ დავიწყებ, არც მაინტერესებს მაგათ თავებში ჩახედვა, იქ საინტერესო არაფერი დამხვდება, ამიტომ როცა ვხედავ რამეს მაბრალებს, პასუხს გავცემ და ისევ მე ვისარგებლებ ამ ყველაფრით. მაგრამ თვითონ ამას რატომ აკეთებენ, სიმართლე გითხრათ ფეხებზე მკიდია, ამაზე თავიანთ ფსიქოთერაპევტებს ელაპარაკონ.
- ქართული სასამართლოს იმედი გაქვთ?
- არა, მაგრამ პარალელური პროცესია, სასამართლოში საქმის წარმოებას დრო სჭირდება, ამასობაში ქუჩაში ვდგავართ და რეჟიმს ვარყევთ. სასამართლო რეფორმა დაგეგმილი გვაქვს, იყოს ეს საქმეც რას დაუშლის. გასაგებია, რომ ბიძინას სასამართლოა და არავითარი ნდობა არ მაქვს, მაგრამ თუნდაც სტრასბურგში რომ წავიღო, თუ ჩემი უფლება დაირღვევა სამართლიანი სასამართლოსი, ეს საბანძეთიც მოვლილი უნდა მქონდეს. აქედან გამომდინარე შევიტან საჩივარს, რაც არის პროცედურები იმას დავაკმაყოფილებ, თუ რეჟიმი ვერ შევცვალეთ იქამდე, სტრასბურგში მაინც წავიღო.
ambebi.ge
0
0
იმერეთში ავარიას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა
10/01/2025