08/08/2022
16:13
მსოფლიო
კარგი ამბავი გვაქვს. ავსტრალიის დიდი ბარიერული რიფის ორ მესამედ ნაწილში ბოლო 40 წლის განმავლობაში რიფის საფარის რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა, იტყობინება საზღვაოსნო მეცნიერების ავსტრალიის ინსტიტუტი (AIMS).
კლიმატური ცვლილებები დიდ ბარიერულ რიფს ანადგურებენ. დამთბარი ზღვების გამო წყალქვეშა სითბური ტალღების, რიფების გაუფერულების მთავარი გამომწვევი მოვლენის სიხშირე და სიმძლავრე იზრდება. შედეგად კი წყალქვეშა ეკოსისტემები სიცოცხლისაგან და ფერებისგან იცლებიან.
ამის მიუხედავად, ინსტიტუტის ანგარიშის თანახმად, ბარიერული რიფის ცენტრალურსა და ჩრდილოეთ რეგიონები რეაბილიტაციის დამაჯერებელი ნიშნები გამოჩნდა. ეს კი იმის დამაიმედებელი ნიშანია, რომ თუ რიფს გავუფრთხილდებით და დავიცავთ, ერთ დღეს ის სრულად აღდგება და პირვანდელ სახესაც დაუბრუნდება.
“ყოველ ზაფხულს დიდი ბარიერული რიფის მარჯნები ტემპერატურის წნეხის, გაუფერულების და სიკვდილის საფრთხის წინაშე დგებიან. 2020 და 2022 წლის გათეთრებები, თავიანთი ტერიოტორიული მასშტაბურობის მიუხედავად, 2016 და 2017 წლის განსაკუთრებით ინტენსიურ გათეთრებებს დამანგრეველობით ვერ შეედრებიან. ამიტომაც ვხედავთ ნაკლებ კვდომას,”- განაცხადა AIMS-ის გენერალურმა დირექტორმა პოლ ჰარდისტიმ პრეს რელიზში.
AIMS-ის ანგარიშის მიხედვით, დიდი ბარიერული რიფის ცენტრალურ რეგიონში ცოცხალი მარჯანი მთლიანობის 33 პროცენტს, ხოლო ჩრდილოეთ რეგიონში 36 პროცენტს შეადგენს. შეიძლება ეს ბევრი არ მოგეჩვენოთ, თუმცა AIMS-ის წამყვან მკვლევარ მაიკ ემსლის თქმით, ეს აღმოჩენა აჩვენებს რომ ბარიერული რიფი “ჯერ კიდევ ცოცხალი და გამძლეა და შეუძლია დაბრკოლებებს გაუმკლავდეს თუ შანსი მიეცემა.”
დიდი ბარიერული რიფის სამხრეთს კი ბედი არ წყალობს - იქ მარჯნისმჭამელი ზღვის ვარსკვლავები მძვინვარებენ, - რაც ზემოთ აღნიშნულ სიახლეს უფრო ძვირფასს ხდის.
იხილეთ ვიდეო:
წყარო: Futurism
მოამზადა: ანა მთვრალაშვილი
0
0