20/01/2022
12:37
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონისა, და ჯანდაცვის მინისტრის, საჯიდ ჯავიდის, განცხადებით, მთავრობის ახალი გეგმის მიხედვით, 27 იანვრიდან გაუქმდება საჯარო სივრცეში ნიღბების ტარებისა და Covid-ის საშვის წარდგენის ვალდებულება, ასევე დისტანციური მუშაობის რეკომენდაცია.
ბორის ჯონსონის განმარტებით, მოგზაურობასთან დაკავშირებული რეგულაციები განახლდება; Covid-ის პასპორტები ღამის კლუბებში და მასშტაბურ ღონისძიებებზე დასწრებისას სავალდებულო არ იქნება, თუმცა, სურვილისამებრ, კერძო ორგანიზაციებს შეუძლიათ მოითხოვონ Covid-ის პასპორტის გამოყენება.
”„ომიკრონის“ ტალღამ, ქვეყნის მასშტაბით, უკვე პიკს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ პირბადეები აღარ იქნება სავალდებულო, მოსახლეობამ უნდა ატაროს პირბადეები დახურულ ან ხალხმრავალ ადგილებში და უცნობებთან შეხვედრისას,“ - თქვა ჯონსონმა.
ჯანდაცვის მინისტრის, საჯიდ ჯავიდის, განცხადებით, გეგმაში განსაზღვრულია, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანებს ისევ დასჭირდებათ თვითიზოლაცია, მაგრამ ეს სამუდამოდ არ გაგრძელდება.
„სავალდებულო იქნება პირბადის ტარება საზოგადოებრივ ტრანსპორტში. სკოლის მოსწავლეებს კი, საკლასო ოთახებში პირბადეების ტარება აღარ მოუწევთ. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ცხოვრება კორონავირუსთან ისე, როგორც ვცხოვრობთ ჩვეულებრივ გრიპთან ერთად. "ფინალის ხაზს" ჯერ ვერ მივუახლოვდით - პანდემია არ დასრულებულა,”- აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა, საჯიდ ჯავიდმა, ოთხშაბათს დაუნინგ სტრიტზე გამართულ პრესკონფერენციაზე.
იმავდროულად, შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის მთავრობებმა უფრო მკაცრი შეზღუდვები დააწესეს, რაც ღამის კლუბებსა და სპორტულ მატჩებზე ხალხის მასიურად შეკრების აკრძალვასაც მოიცავს.
0
0